Thumbnail
  • შვეიცარიული მედია ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას ეხმაურება
  • საიტი 20min.ch 19 წლის ნახევარმცველზე ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს 

მას შემდეგ, რაც დუბლინში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა შვეიცარიულმა სპორტულმა საიტმა 20min.ch-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველზე გიორგი ჩაკვეტაძეზე სტატია მოამზადა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასა და გიბრალტართან ერთად მოხვდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯგუფში გამოსვლას მომავალი წლის 23 მარტს, სწორედ შვეიცარიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს, საკვალიფიკაციო ეტაპს კი 15 ნოემბერს, ისევ ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებთან სტუმრად დაპირისპირებით დაასრულებს.

მეტი ამ თემაზე: რამდენად რთულია ჯგუფი? როგორი ბალანსი გვაქვს ამ გუნდებთან?

შვეიცარია გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენს გაიცნობს

19 წლის ქართველ სუპერტალანტს დიდი მომავალი აქვს. ყურადღება, საშიშია!

ისევ იქნება გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ფეხბურთელი, როდესაც შვეიცარიის ნაკრები 2019 წელს დაიწყებს? დარწმუნებული არ ვართ, რადგან ბელგიური კლუბის ფეხბურთელით წამყვანი ევროპული კლუბები ინტერესდებიან. ბარსელონამ უკვე მიმართა გენტს წინადადებით 19 წლის ფენომენზე, რომელიც შესაძლოა დღეს ევროპის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია. 

თბილისის დინამოს აღზრდილი გენტში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, მიუხედავად მიუნხენის ბაიერნისგან დაინტერესებისა, რომელმაც დააგვიანა. ბელგიური კლუბი ჭკვიანურად მოიქცა - ფეხბურთელის საბაზრო ფასი მას შემდეგ გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, ჩაკვეტაძე, რომლის გადაბირების იდეას ბაიერნი ისევ მიუბრუნდა, ტოტენჰემსა და შახტარსაც სურთ.

ჩაკვეტაძის ნიჭიერება საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა, სადაც 2018 წლის მარტიდან მოყოლებული, შვიდ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა! ის ბრწყინავს გენტშიც, რომელთანაც კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, ამ დრომდე ბელგიაში დარჩეს. მისმა ტალანტმა უკვე მიიპყრო ყველა ევროპელი სკაუტის ყურადღება.

183 სმ სიმაღლის შემტევ ნახევარმცველში შერწყმულია ფიზიკური და ტექნიკური ღირსებები, რაც მას უნაკლო მოთამაშედ აქცევს. შვეიცარიის ნაკრები ძალიან ფრთხილად რომ უნდა იყოს, ამის დასტური ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოა:

კომენტარები

ბოლო ამბები