Thumbnail
  • 🏀 საქართველო V ისრაელი 📅 3 დეკემბერი ⌚ 19:00 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

ესტონეთში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელთან თამაშისთვის ემზადება. მატჩი 3 დეკემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება. ჯერჯერობით, ორივე გუნდი ინარჩუნებს მსოფლიოს ჩემპონატზე გავლის შანსს. მართალია ეს შანსი მცირეა, მაგრამ არა ისეთი მიზერული და თეორიული, როგორც თუნდაც ესტონეთთან მატჩამდე ჩანდა. საქმე იმაშია, რომ ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფმა სერბეთმა სწორედ ისრაელთან წააგო და სატურნირო ვითარებაც შედარებით დაიძაბა.

აქვე ვთქვათ, რომ 6-გუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 გუნდი გადის. გერმანიამ და საბერძნეთმა მისია უკვე შეასრულეს და დარჩა ერთი ვაკანსია. ამ დროისთვის მესამე ადგილზე სებეთია, რომელიც საქართველოს და ისრაელს ერთი ქულით უსწრებს. ისრაელთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს…

ძლიერი მეტოქე და გულშემატკივრის ფაქტორი

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩემ მოთამაშეებს ესტონეთთან გამარჯვება. არ იყო ადვილი როგორც მწვრთნელებისთვის, ისე კალათბურთელებისთვის, რომ ორ დღეში მზად ვყოფილიყავით ტალინური მატჩისთვის. შემდეგ იყო დამღლელი მგზავრობა, ვარჯიში და ხვალ ისევ თამაშია. ეს ყველასთვის რთული გრაფიკია. მიუხედავად ამისა, მჯერა ჩემი მოთამაშეების და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. იმედია, რომ გულშემატკივარი მრავლად მოვა და დაგვიჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში. 

წინ ისრაელთან მატჩია და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, რომელმაც სერბეთი დაამარცხა. ევროლიგის კალათბურთელები ჰყავთ, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ. მძიმე ბრძოლა გველოდება. ითამაშებენ თუ არა ისევ ერთად გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე? - ამას ხვალ ვიხილავთ”.

ილიას ზუროსი მოთამაშეებთან ერთად

გაცოცხლებული შანსი

გოგა ბითაძე (საქართველოს ნაკრები): “ისრაელმა სერბეთს მოუგო გასვლაზე, რაც წარმოუდგენელი იყო. ძალიან სერიოზული გუნდია, თუმცა ჩვენც მზად ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და კარგი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივარს. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ესტონეთთან შეხვედრაში მე და გიორგი შერმადინს ერთად უნდა გვეთამაშა. კომფორტულად ვიგრძენი თავი, რადგან სიმაღლეში უპირატესობა გვქონდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი და როგორ ვუთამაშებთ ისრაელის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრის ფაქტორი და ველოდებით მათ სპორტის სასახლეში”. 

გოგა ბითაძე

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები): “ისრაელის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მათ ის უპირატესობა აქვთ, რომ ევროლიგის გუნდები ჰყავთ და კალათბურთელებსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში უშვებენ. ამიტომ, ძალიან ძლიერი შემადგენლობით ჩამოდიან და თან, სერბეთთან გამარჯვების შემდეგ. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ ეს შეხვედრა, რადგან გაგვიცოცხლდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი. ტაქტიკურად მზად ვართ და თავს არ დავზოგავთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები