Thumbnail

კონტე: მოურინიო პატარა კაცია! იტალიელი ჟოზეს პირისპირ სალაპარაკოდ იწვევს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანტონიო კონტეს და ჟოზე მოურინიოს ვერბალური დაპირისპირება გრძელდება.
  • გარიგებული მატჩების შეხსენების შემდეგ, იტალიელმა პორტუგალიელს პატარა და არასწორი კაცი უწოდა.
  • კონტე მოურინიოს ერთი-ერთზე სალაპარაკოდ იწვევს.

ანტონიო კონტეს და ჟოზე მოურინიოს ვერბალური დაპირისპირების დასასრული არ ჩანს. ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცების სიტყვიერი დუელი, შესაძლოა, სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს.

მას მერე, რაც მოურინიომ კონტეს გარიგებული მატჩები შეახსენა და აღანიშნა, რომ თვითონ ასეთ სკანდალში არასდროს გაეხვევა, იტალიელმა პორტუგალიელ ვიზავის პასუხის პასუხი არ დაუგვიანა.

კონტემ მოურინიოს პატარა კაცი უწოდა და პირისპირ სალაპარაკოდ იწვევს!

“როცა მანჩესტერ იუნაიტედს შევხვდებით, ცხადია, მომეცემა იმის საშუალება, რომ პირისპირ დავილაპარაკოთ და ყველაფერი გავარკვიოთ. მხოლოდ ის და მე. მე მზად ვიქნები მასთან სალაპარაკოდ. საინტერესოა, ჟოზეც მზადაა, რომ ერთი-ერთზე დამელაპარაკოს? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული!” - განაცხადა კონტემ ნორვიჩთან ასოციაციის თასის მატჩის (0:0) შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კომენტარში მოურინიომ კონტეზე თქვა, ეგ გარიგებული მატჩების სკანდალში იყო გახვეული და მე ასეთი რამ მაინც არ დამემართებაო. კონტეს პასუხი: “სანამ კაცი ასეთ რამეს იტყვის, ჯერ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდა, რა და როგორ იყო. მე იმ საქმეში გამამართლეს! მაგრამ როცა კაცის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ვიღაც გააბრაზოს და ამისათვის ყველაფერზე წამსვლელია, ასეთი კაცი ჩემ თვალში პატარა კაცია!”

კონტე: მე მზად ვიქნები მასთან სალაპარაკოდ. საინტერესოა, ჟოზეც მზადაა, რომ ერთი-ერთზე დამელაპარაკოს?

თავისი მოსაზრების დასადასტურებლად, კონტემ მოურინიოს კლაუდიო რანიერის ამბებიც შეახსენა: “2008 წელს მოურინიომ რანიერიზე ძალიან ცუდად ილაპარაკა, რამდენიმე წლის შემდეგ კი კლაუდიოს ინიციალები დაიწერა და ისე დაჯდა პრესკონფერენციაზე. სხვა რომ არაფერი იყოს, მარტო აქედანაც ჩანს, რომ ჟოზე არასწორი კაცია.”

კონტეს დასკვნა: “მოურინიო წარსულშიც ბევრი რამის გამო იყო პატარა კაცი, ახლაც პატარა კაცია და მომავალშიც პატარა კაცი იქნება.”

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დაპირისპირება ასე არ დამთავრდება. გაგრძელება აუცილებლად იქნება - არაუგვიანეს 25 თებერვლისა, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა “ოლდ ტრაფორდზე” ჩელსის უნდა უმასპინძლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები