Thumbnail

'ყველაფერი შეიძლება მოხდეს და 2020 წლამდე ვერ დავიცდით' - ვაისმა ჯგუფი შეაფასა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წილისყრა შეაფასა
  • ვლადიმირ ვაისის თქმით, ეროვნული გუნდი ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს
  • ჯგუფი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც შეაფასა

UPDATE: დუბლინში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც შვეიცარიას, დანიას, ირლანდიას და გიბრალტარს გაუწევს კონკურენციას. კონტინენტის პირველობის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

წილისყრის შედეგები საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდია ნაცნობი გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. შევხედავთ როგორ გადანაწილდება სათამაშო განრიგი. მარტში ვითამაშებთ ერთ, ან ორ თამაშს და ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პროგრამა. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით.

ყველა ამბობს, რომ საქართველოში თამაში რთული იქნება 

ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია ძალიან რთული მეტოქეა, ისევე როგორც დანია, მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა. ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. 

ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება.

სხვანაირად ვითამაშებთ, რადგან სხვა დონის მეტოქეები გვყავს

რთულია თქვა, რომელი გუნდი უფრო ძლიერია: შვეიცარია თუ დანია. ჩვენს ჯგუფშია ირლანდიაც, რომელიც ასევე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, აუტსაიდერი გიბრალტარია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. შევხედავთ, როგორი კალენდარი გვექნება. მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ სად ვითამაშებთ პირველ თამაშს, შინ თუ გასვლაზე. მთავარია გუნდი იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული. 

შვეიცარია ფავორიტია, რომელმაც ერთა ლიგის გათამაშებაში ბელგია დაამარცხა. ეს ამტკიცემს ამ გუნდის ხარისხს. ამასთან, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ. დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, სხვანაირად ვითამაშებთ, რადგან განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით.

ვამაყობ რომ საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი!

ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩი მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის.

ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, რაც შესანიშნავია. სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა: ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის".

ლევან კობიაშვილი: ვფიქრობ, თანაბარი თამაშები იქნება!

"შეიძლება ყოფილიყო უფრო რთულიც და უფრო იოლი ჯგუფიც. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, თანაბარი თამაშები იქნება, - ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის სიტყვებია, - შეიძლება ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს. ფაქტია, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით სახლის თამაშები, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ. მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კალენდარი, ვისთან დავიწყებთ, როგორი იქნება. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა მოგვიწევს. ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ."

ფოტო: GFF.GE

კომენტარები

ბოლო ამბები