Thumbnail

ევრო 2020 | საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა! 3 ფრე, 11 წაგება სამეულთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დუბლინში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა
  • საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა
  • როგორ შეიძლება გავიდეთ ევრო 2020-ზე

ერთა ლიგა კარგია, მაგრამ “ჩვეულებრივი შესარჩევიც” არსებობს...

UPDATE: ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა. გაირკვა ის ქვეყნები, რომლებთან ერთადაც საქართველოს ნაკრები ჯგუფში ევრო 2020-ის საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველო 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა.

► საქართველოს ნაკრების ჯგუფი: შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი.

ერთა ლიგაში, D დივიზიონის საუკეთესო შედეგის დაფიქსირების გამო, საქართველოს ნაკრები, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე მე-4 კალათაში იყო. აქვე ვთქვათ, რომ რაკი ევრო 2020-ს 12 ქვეყანა მასპინძლობს, საკვალიფიკაციო ტურნირი ყველამ უნდა გაიაროს.

10-ჯგუფიანი შესარჩევი ციკლი 2019 წლის 21 მარტს დაიწყება და წინა შესარჩევებისგან განსხვავებით, იმავე წლის 19 ნოემბერს დასრულდება. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს საკმაოდ რთული ჯგუფია. ირლანდია, შვეიცარია, დანია - იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევიდან მოხვდეს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამ სამი გუნდიდან მინიმუმ ორს უნდა აჯობოს, რაც ძნელი იქნება.

► საქართველოს ნაკრები ირლანდიას 9-ჯერ დაუპირისპირდა, 8 თამაში წააგო და მხოლოდ ერთხელ მიაღწია ფრეს (2017 წლის 2 სექტემბერს, 1:1 თბილისში).

► ეროვნულ გუნდს დანიის ნაკრებთან სამი მატჩი აქვს ჩატარებული - 2004 წელს თბილისში შესარჩევის მატჩი 2:2 დასრულდა, 2005 წელს კი საქართველო დანიაში 1:6 განადგურდა. 2013 წელს დანიასთან ამხანაგური მატჩი 1:2 წავაგეთ.

► საქართველოს შვეიცარიის ნაკრებთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს - 2 მატჩი, 1 წაგება, 1 ფრე. ეს იყო ევრო 2004-ის შესარჩევში: შვეიცარიაში საქართველო 1:4 დამარცხდა, თბილისში კი მატჩი 0:0 დასრულდა.

► გიბრალტარის ნაკრებს 2014 და 2015 წლებში ორივე თამაში მოვუგეთ (4:0 სტუმრად და 3:0 თბილისში), მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის ამ გუნდთან ერთად ჯგუფში ყოფნა დიდი ვერაფერი შეღავათია, რადგან გიბრალტარს (უდიდესი ალბათობით) სხვებიც ადვილად მოუგებენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის ფინალურ ტურნირზე სულ 24-მა გუნდმა უნდა იასპარეზოს. ამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ 20 გუნდს 4 ერთა ლიგიდან დაემატება - როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ერთა ლიგიდანაც აქვს.

როგორ შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე

თუ კლასიკურ შესარჩევში, ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილს ვერ დავიკავებთ, 2020 წლის მარტში ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი ოფში ვითამაშებთ, სადაც, როგორც გახსოვთ, ნახევარფინალში ბელარუსს უნდა ვუმასპინძლოთ. თუკი საქართველოს ნაკრები შესარჩევში წარმატების მიღწევას მოახერხებს და ჯგუფში პირველ, ან მეორე ადგილზე გავა, ამ შემთხვევაში, ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი ოფს, რაც უბრალოდ დამატებითი შანსია, აღარ ვითამაშებთ (იქ ჩვენს შემდეგ მყოფი გუნდი ჩაგვანაცვლებს).

ყველა ჯგუფი

A ჯგუფი: ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო.

B ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი.

C ჯგუფი: ჰოლანდია, გერმანია, ჩრდ. ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი.

D ჯგუფი: შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი.

E ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი.

F ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ფარერები, მალტა.

G ჯგუფი: პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონია, ლატვია.

H ჯგუფი: საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, მოლდოვა, ანდორა.

I ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, შოტლანდია, კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო.

J ჯგუფი: იტალია, ბოსნია, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტაინი.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები