Thumbnail
  • ინგლისის პრემიერლიგაში მე-14 ტურის მატჩი გაიმართა
  • მანჩესტერ სიტი 3:1 ბორნმუთი

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ძალისმხევის გარეშე, ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ეს ხოსეპ გვარდიოლას გუნდის ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა პრემიერლიგაში, თავად ესპანელი სპეციალისტისთვის კი კარიერაში - მე-400.

"არცკი ვიცოდი, რომ ეს ჩემს სამწრთნელო კარიერაში მე-400 მოგებაა. გილოცავ, პეპ. გუნდმა ბრწყინვალედ შეასრულა საქმე. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ ყველაფერს იოლად ვაღწევთ, მაგრამ ეს ასე არაა. ბორნმუთი საკმაოდ სწრაფი გუნდია და პირველ ტაიმში რითმი არ გვყოფნიდა. მეორე ნახევარში თამაში რაჰიმ სტერლინგმა და ფაბიან დელფმა შეცვალეს. უკეთესად ავთამაშდით", - თქვა მატჩის შემდეგ პეპმა.

კუნ აგუერო, რომელსაც ტრავმა აქვს, ეტიჰადზე ასე წარსდგა

ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ თამაშის დასაწყისში გახსნა, მაგრამ სტუმრებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს, კალუმ უილსონის ზუსტი თავურის წყალობით მოახერხეს. 

მეორე ტაიმში მასპინძლები ანგარიშში კიდევ ერთხელ რაჰიმ სტერლინგმა დააწინაურა. დანილომ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, ასმირ ბეგოვიჩმა კი ბურთი შორს ვერ მოიგერია. ბურთს პირველმა სტერლინგმა მიუსწრო, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზე პრემიერლიგის 12 მატჩში 8 გოლი და 6 საგოლე პასია

საბოლოო ანგარიში ილაქი გიუნდოგანმა, 74-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ დააფიქსირა. სტანდარტი ლეროი სანემ მოაწოდა, მოგერიებულ ბურთს კი საბოლოოდ ისევ თავად დაეუფლა და საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა. გერმანელმაც ერთი შეხებით გაიტანა.

"ეტიჰადზე" სისხლიც დაიღვარა. 54-ე წუთზე ალეკსანდრ ზინჩენკოს ცხვირში თანაგუნდელ ფერნანდინიოსგან ისე მაგრად მოხვდა, სისხლი წასკდა. მასპინძელთა უკრაინელმა ლეგიონერმა მოედანი დატოვა და მის ნაცვლად თამაში ფაბიან დელფმა გააგრძელა.

უკრაინელმა თამაშის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა

მანჩესტერ სიტის ამ გამარჯვების შემდეგ 38 ქულა აქვს და მდევარ ლივერპულს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს, 5 ქულით უსწრებს.

მანჩესტერ სიტი 3:1 ბორნმუთი

გოლები: 1:0 ბერნანდუ სილვა (16’), 1:1 უილსონი (44’), 2:1 სტერლინგი (57’), 3:1 გიუნდოგანი (79’).

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო (54’ დელფი) - ბერნარდუ სილვა (87’ მაჰრეზი), ფერნანდინიო, გიუნდოგანი - სტერლინგი, ჟეზუში (77’ დავიდ სილვა), სანე.

ბორნმუთი (5-4-1): ბეგოვიჩი - ფრენსისი, სტივ კუკი, აკე, მინგსი, დენიელსი - კინგი (85’ სტანისლასი), სურმანი, ლუის კუკი, ფრეიზერი (72’ ბრუკსი) - უილსონი (85’ მუსე).

კომენტარები

ბოლო ამბები