Thumbnail

პერესი იკარდიში 80 მილიონს იხდის - მაუროს კი რეალი არც აინტერესებს

  • ინტერის 25 წლის ფორვარდით იუვენტუსი და რეალი ინტერესდებიან
  • არგენტინელი მილანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
  • მაურო იკარდი ცოლის მუშაობით კმაყოფილია

მილანის ინტერის თავდამსხმელი მაურო იკარდი ამბობს, რომ იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას გააგრძელებს, როდესაც ამის დრო დადგება, მისი ცოლი და აგენტი ვანდა ნარა კი საქმეებს მშვენივრად უძღვება.

არადა, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელით მადრიდის რეალია დაინტერესებული, რომელიც კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსში გადაბარგების შემდეგ, თავდამსხმელის ძიებაშია. მედია წერს, რომ იკარდი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის შორტ-ლისტშია, სადაც ასევე არიან ჰარი კეინი და ედინსონ კავანი. იუწყებიან, რომ რეალი მზადაა მაუროს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, პლუს, გარიგებაში ჩართოს მარიანო დიასი.

ვანდა ნარა არგენტინელი ფეხბურთელის საქმეებს კარგად განაგებს

"ახალი კონტრაქტი ინტერთან? მოვა დრო და გავაფორმებთ. ჩემმა მეუღლემ, ვანდამ, იცის, რა უნდა გააკეთოს და რა თქვას, რომ ხალხს მოეწონოს. ის ჭკვიანია და არ სჭირდება გარედან კონტროლი. სრულებით ვენდობი მას, ის კი კარგად მიცნობს. 

ინტერესი იუვენტუსისგან? რაღაც მსმენია და ბოლო ვიყავი, ვინც ამის შესახებ გაიგო. ინტერესი ალბათ არის, რადგან  ჩემს საქმეს კარგად ვასრულებ.

რეალში გადასვლის ვარიანტის განხილვას აზრიც არ აქვს. ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის, თუ გავითვალისწინებთ გუნდის შედეგებს. მომწონს იქ ყოფნა, სადაც ახლა ვარ", - უთხრა არგენტინელმა თავდამსხმელმა Corriere dello Sport.

მაურო იკარდი მილანის ინტერის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. "ნერაძურის" კაპიტანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა მილანელთა მაისურით ყველა ტურნირის 15 მატჩში 10 გოლი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები