Thumbnail
  • ⚽ ვერდერი V ბაიერნი 📅 შაბათი ⌚ 18:30
  • წლებია, ბაიერნი ვერდერს ყოველთვის უგებს
  • ბოლო 14 დუელი მიუნხენურმა გრანდმა მოიგო.

წლების წინ, ვერდერისა და ბაიერნის დაპირისპირება ბუნდესლიგაში ნებისმიერ დროს ცენტრალურ მატჩად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. ბოლო 12-13 წელია, ბრემენული კლუბი რეკორდმაისტერს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. არადა, ვერდერისა და ბაიერნის დაპირისპირებაც ბუნდესლიგის კლასიკაა. უფრო სწორად, სწორედ ეს არის ე.წ. Bundesliga Klassiker, რადგან სამუდამო ცხრილში, პირველ ადგილზე ბაიერნია, მეორეზე კი - ვერდერი!

დღესდღეოით გერმანიის ჩემპიონატში ბაიერნიც შორშაა ლიდერობისგან და ვერდერიც მეორე ადგილისგან - თავისთავად. ბრემენულ კლუბს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია (0/1/3) აქვს და მე-7 ადგილზეა, ხოლო ბაიერნმა კი ზედიზედ სამი მატჩი ვერ მოიგო (0/2/1) და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

„არ მაინტერესებს, როგორ ფორმაშია მიუნხენური კლუბი და აქვს თუ არა კრიზისი. ბაიერნი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ძლიერი მეტოქე და უდიდესი გამოწვევაა,“ - განაცხადა მატჩის წინ ვერდერის თავდამსხმელმა მაქს კრუზემ.

რეკორდმაისტერში კი, დიუსელდორფის ფორტუნასთან 3:3-ის შემდეგ ძალიან ცუდი განწყობაა: „ბუნდესლიგაში დაცვის ხაზი ასე არ უნდა თამაშობდეს. ასეთ ინდივიდუალურ შეცდომებს მსოფლიოში ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს მოუხერხებს,“ - აი, ასეთი რამ თქვა ბაიერნის მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ფორტუნასთან მატჩის შემდეგ. მართალია, მას მერე ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაში მოიგო (5:1 ბენფიკასთან) და ხასიათი თითქოს გამოიკეთა, მაგრამ ეს, შესაძლოა, არაფერს ნიშნავდეს. ფაქტია, რომ ბენფიკასთან გამარჯვების შემდეგ მიუნხენში სიმშვიდემ დაისადგურა - ბავარიულ გრანდში იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ 3-დღიანი სიმშვიდე არ იქნება.

ტიაგო ალკანტარასა და კინგსლი კომანის სახით ბაიერნს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა. სერჟ გნაბრის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა ბენფიკასთან ბრწყინვალედ ითამაშეს და ალბათ ვერდერთანაც ძირითად შემადგენლობაში იქნებიან - მით უმეტეს, რომ კოვაჩმა თქვა, მორჩა, როტაცია დავასრულეო.

სავარაუდო შემადგენლობები

ვერდერი (3-5-2): პავლენკა - ველიკოვიჩი, ს. ლანგკამპი, მოისანდერი - გებრე სელასიე, ეგშტაინი, შაჰინი, კლაასენი, აუგუსტინსონი - კრუზე, ჰარნიკი.

ბაიერნი (4-4-1-1): ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - რობენი, კიმიხი, გორეტცკა, რიბერი - მიულერი - ლევანდოვსკი.

საინტერესო ფაქტები

► ვერდერმა თორმეტივე შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაიტანა. ამ 12 თამაშიდან, ათში ორივე გუნდმა შეძლო გატანა და 7 თამაშში ჯამში 2.5-ზე მეტი გავიდა.

► ბაიერნისთვის ეს სეზონი ჯერ კიდევ ყველაზე ცუდია ბოლო 7 წელიწადში. რეკორდმაისტერი ლიდერ დორტმუნდს 9 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, რეკორდმაისტერმა 12 მატჩიდან 9-ში ანგარიში გახსნა, ოღონდ 4-ში ეს უპირატესობა ქარს გაატანა (3 ფრე, 1 წაგება).

► წლებია, ბაიერნი ვერდერს ყოველთვის უგებს - ბოლო 14 დუელი სწორედ მიუნხენურმა გრანდმა მოიგო. ამ 14 გამარჯვებიდან, ბაიერნმა ვერდერი 12 მატჩში 2 და მეტი გოლის სხვაობით დაამარცხა.

► ვეტერანი კლაუდიო პისარო არის ფეხბურთელი, რომელიც ბრემენიდან მიუნხენში და პირიქით ხშირად მოგზაურობდა. 2001-დან 2012 წლამდე პერუელი ვერდერიდან ბაიერნში ორჯერ გადავიდა, ახლა კი ისევ ვერდერის ფეხბურთელია.

► კლაუდიო პისარომ თავის ბოლო 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები