Thumbnail

'ისრაელთან უკეთ უნდა ვითამაშოთ' - ზუროსი ექსპერიმენტით კმაყოფილი დარჩა

  • საქართველოს ნაკრებმა ტალინში ესტონეთს მოუგო
  • მომდევნო მატჩს ილიას ზუსოსის გუნდი თბილისში ისრაელთან გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა და ტალინში ესტონეთის ეროვნული გუნდი 80:73 დაამარცხა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თამაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მოთამაშე დუდა სანაძემ შეაფასეს. კომენტარი გააკეთა გოგა ბითაძემაც...

ბითაძე და შერმადინი ერთად ამართლებს

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):“პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩემ კალათბურთელებს. შესაძლოა, ვერ ვაჩვენეთ საუკეთესო თამაში, მაგრამ დღეს ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბევრი დრო არ გვქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად. ასევე, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. მიუხედავად ამისა, მოვიგეთ და ეს იყო ძალიან კარგი გამარჯვება ძლიერ გუნდთან. ესტონეთი განსხვავებულ კალათბურთს თამაშობს, ისინი კარგად ისვრიან პერიმეტრიდან და ყოველთვის რთულია ასეთ მეტოქესთან დაცვაში თამაში.

ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ რომ მოგვეგო ეს თამაში. თუმცა, მომდევნო შეხვედრას ძალიან ძლიერ გუნდთან, ისრაელთან გავმართავთ და უკეთესი კალათბურთი უნდა ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი მომდევნო მატჩის მოგებაა, რათა გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი, ესტონეთის ნაკრებს კი მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

სიახლე იყო გიორგი შერმადინის და გოგა ბითაძის ერთად თამაში. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ორი ცენტრი ერთად ყოფილიყო მოედანზე და უნდა აღვნიშნო, რომ მათ კარგად გაართვეს თავი ამოცანას. უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე სიარული. იმედია, მომავალში მეტი დრო გვექნება მატჩებისთვის მოსამზადებლად”. 

მაღლებმა მოგვაგებინეს

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები): “მძიმე მატჩი იყო. ესტონეთი სწრაფ კალათბურთს თამაშობდა და ამიტომ, რთული იყო მათ წინააღმდეგ თამაში. ესტონეთი ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჩვენი მაღალი კალათბურთელები დომინირებდნენ მოედანზე და ამან დიდი უპირატესობა მოგვცა”.

გოგა ბითაძე (საქართველოს ნაკრები): "როგორც მოსალოდნელი იყო, ესტონეთმა სწრაფი კალათბურთი ითამაშა. კარგად ისვრიან პერიმეტრიდან და მათ წინააღმდეგ თამაში რთული იყო. კარგად ვიდექით დაცვაში და ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. წინ ისრაელთან მატჩია, რომელიც უფრო ძლიერი გუნდია და მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები