Thumbnail

‘მანჩესტერს რეალივით აათამაშებს!’ - ზიდანის შვილმა მამის გეგმებზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზინედინ ზიდანის შვილმა მამის შესახებ ისაუბრა
  • ენცოს ზიდანი დარწმუნებულია, რომ ზიზუ სამწვრთნელო საქმეს მალე დაუბრუნდება
  • მანჩესტერ იუნაიტედი თუ ბაიერნი? ფრანგი თავის სტილს არ უღალატებს

ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო და რეალის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა - ზინედინ ზიდანი მას მერე უმუშევარია. 46 წლის ფრანგი სპეციალისტი ისვენებს, მაგრამ დიდ საფეხბურთო სცენაზე დაბრუნებას გეგმავს. ზიზუმ თქვა, რომ ზაფხულში დაბრუნდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, ეს უფრო ადრე მოხდეს. ცნობილია, რომ ზიდანი ჯერ კიდევ შარშან ზამთარში გრძნობდა თავს გადაღლილად, მაგრამ მაშინ რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა არ გაუშვა.

ახლა მის სამომავლო გეგმებზე ზიზუს შვილმა, ენცო ზიდანმა ისაუბრა. “დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაბრუნდება - ასეთია მისი გადაწყვეტილება. რეალში მუშაობის შემდეგ დასვენება სჭირდებოდა, რაზეც არაერთხელ ისაუბრა. მან ეს პერიოდი კარგად გამოიყენა და მაქსიმალურად ისვენებს,” - უთხრა 23 წლის ენცომ ესპანურ გაზეთ AS-ს.

ზიზუ რეალის მთავარი მწვრთნელი 2016-დან 2018 წლის ჩათვლით იყო. ენცო 2017 წლამდე რეალის მეორე გუნდში თამაშობდა, ამ სეზონში კი ესპანეთის მეორე ლიგის გუნდს რაიო მახადაონდაში თამაშობს.

'ერთი რამ ვიცი: სადაც არ უნდა წავიდეს, თავის სტილს არ უღალატებს!' - ენცო ზიდანი

“მამაჩემს თავისი სტილი აქვს, რომელსაც მისი გუნდი არასდროს უღალატებს. შემტევი ფეხბურთელებისგან ის მაქსიმუმს იღებს. მოვიდა რეალში და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო - ეს ფენომენალური შედეგია. მის შესახებ მეც ვკითხულობ და ვიცი, რომ ბაიერნში, ან მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობას უწინასწარმეტყველებენ. ერთი რამ ვიცი: სადაც არ უნდა წავიდეს, თავის სტილს არ უღალატებს. მანჩესტერ იუნაიტედს რომ შევხედოთ, ამ გუნდს არ ეტყობა, რომ რაიმე გზა აქვს არჩეული. არ იციან, როგორი ფეხბურთის თამაში სურთ, მაგრამ არც რეალში იყო კარგი ვითარება. თუ მამაჩემი იუნაიტედში დაინიშნება, გუნდს იგივე სტილით ათამაშებს, როგორც მისი რეალი თამაშობდა,” - დასძინა ენცო ზიდანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები