Thumbnail
  • ⚽ ფიორენტინა V იუვენტუსი 📅 შაბათი ⌚ 21:00
  • ლიდერისთვის 22-დღიანი რთული პერიოდი იწყება
  • არტემიო ფრანკიზე ბიანკონერი განსაკუთრებით სძულთ

"ძვირფასი მტრები" - ასე დაასათაურა La Stampa-მ სტატია, რომელიც სერია A-ში იუვენტუსის უახლოეს კალენდარს ეძღვნება. საქმე ისაა, რომ "ბებერ ქალბატონს" 22 დღის განმავლობაში ოთხი დაპირისპირება თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეებთან უწევს: ფიორენტინასთან, ინტერთან, ტორინოსა და რომასთან. და ამ გზის გავლას ალეგრის გუნდი შაბათს ფლორენციიდან დაიწყებს, რომელსაც შავ-თეთრი მაისურა 1982 წლის შემდეგ სძულს. იმ სეზონში იუვენტუსმა "იებს" სატურნირო ცხრილში სულ ერთი ქულით აჯობა. 1990 წლიდან კი, როდესაც ფლორენციიდან ტურინში რობერტო ბაჯო გადაბარგდა, იუვეს საკლუბო ფერები "არტემიო ფრანკიზე" შეკრებილ ქომაგზე ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი კორიდის ხარზე.

ფლორენციაში იუვეს სიძულვილის ერთ-ერთი მიზეზი რობერტო ბაჯოა

"ვიოლას" ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ ჩქარობს კლუბში დიდი თანხების ჩადებას და გუნდს არც მაღალი ამბიციები აქვს. როგორც, Repubblica-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ბენედეტო ფერარა წერს, "ამ მოცემულობითა და პირობებით, ფიორენტინას მთავარი ჯილდო იუვენტუსთან გამარჯვება იქნება". ასეცაა - 2013 წელს, სწორედ იუვესთან ანგარიშით 4:2 მოგებული მატჩი მიიჩნევა ფლორენციაში ძმები დელა ვალეების ეპოქაში საუკეთესოდ…

მაგრამ რაც უნდა პრინციპული ვეძახოთ, სადღეისო მდგომაროებით, იუვენტუსის უპირატესობა ფიორენტინასთან სოლიდურია, რაც სატურნირო ცხრილში 19 ქულითაა გამოსახული. რეალობა ისაა, რომ ტურინული სუპერკლუბი ფიორენტინაში საკადრის მეტოქეზე მეტად, შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობას უფრო ხედავს. Tuttosport-მა უკვე დაწერა, რომ მომავალ ზაფხულში კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ტურინში ფედერიკო კიეზას წაყვანას აპირებს.

ფიორენტინა

ფიორენტინას საუკეთესო ბომბარდირი 5 გატანილი გოლით მარკო ბენასია

"ეიბისთვის" ოქტომბერი ლაციოსთან სტუმრად მარცხით (0:1) დაიწყო, რასაც სტეფანო პიოლის გუნდმა ზედიზედ ხუთი ფრე მიაყოლა. აქედან პირველ ოთხში ერთნაირი ანგარიში - 1:1 დაფიქსირა. ბოლო ტურის შეხვედრაში ფიორენტინა სტუმრად ბოლონიას უგოლოდ დაშორდა და 18 ქულით ცხრილში მე-9 ადგილს ტორინოსა და ატალანტასთან იყოფს (ბურთები: 18-10).  

იუვესთან მატჩის წინ ფლორენციელთა რიგებში ჯამრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები არგენტინელ მცველ ხერმან პეცელას აქვს. 

იუვენტუსი

რონალდოს ანგარიშზე სერია A-ში 9 გოლია, მანჯუკიჩმა კი ზედიზედ ბოლო სამ მატჩში გაიტანა

ტურინული კლუბი სერია A-ში დაუმარცხებელია, ქულები კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა - ოქტომბრის ბოლოს ჯენოასთან (1:1). შემდეგ იუვემ ჩემპიონატში ემპოლის (2:1), კალიარის (3:1), მილანს (2:0) და სპალ-ს (2:0) მოუგო. ფლორენციაში სტუმრობამდე კი ალეგრის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში შინ ვალენსიას აჯობეს (1:0).13 ტურის შემდეგ იუვენტუსი ცხრილს 37 ქულით ლიდერობს, გატანილ-გაშვებული ბურთებით: 28-8.

"არტემიო ფრანკიზე" ტურინელთა მხრიდან ვერ ითამაშებენ ტრავმირებული სამი ხედირა და ემრე ჯანი. საეჭვოა ალექს სანდროს და ბერნარდესკის მოედანზე ყოფნა.

მატჩის წინ ტურინში პირლოს გოლი გაიხსენეს

საინტერესო ფაქტები

► ბიანკონერის წაუგებელი სერია ჩემპიონატში 17 შეხვედრას შეადგენს, საიდანაც 15-ში გამარჯვება იზეიმა. 

► ტურინის იუვენტუსმა სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 მატჩი ისე მოიგო, რომ ერთ გოლზე მეტს ყოველთვის იტანდა.

► ტურინელებს სერია A-ში სტუმრად ზედიზედ 19 მატჩია არ წაუგიათ, საიდანაც 16-ში გაიმარჯვეს. ბოლოს იუვემ სხვის მოედანზე გასული წლის ნოემბერში, სამპდორიასთან წააგო.

► მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ში ჩატარებულ ბოლო 14 მატჩიდან 13-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

► წინა სეზონში ფიორენტინამ ორივე თამში წააგო იუვესთან. სტუმრად მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, შინ კი - 0:2. 

► იუვენტუსისა და ფიორენტინას ბოლო ათი დაპირისპირდებიდან, 8-ჯერ ტურინელებმა მოიგეს, ერთხელ - ფლორენციელებმა, ერთ მატჩში კი ფრე დაფიქსირდა.

► ფიორენტინამ ზედიზედ ბოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულა, უკანასკნელი ათი შეხვედრიდან კი მხოლოდ ორში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

► ფიორენტინას იუვენტუსისთვის გოლი შესვენებამდე ბოლო ათი მატჩიდან შვიდში არ გაუტანია. 
 
► ფიორენტინას მონაწილეობით სერია A-ში გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში 2,5 გოლზე ნაკლები გავიდა.

არტემიო ფრანკიზე იუვესთან მოგებას სულ სხვა ფასი აქვს

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (4-3-3): ლაფონი - მილენკოვიჩი, პეცელა, უგო, ბირაგი - ფერნანდესი, ვერეტო, ბენასი - კიეზა, სიმეონე, ჟერსონი.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები