Thumbnail
  • ბარსელონას ბოსებმა უსმან დემბელე არტურო ვიდალს ჩააბარეს
  • 21 წლის ფრანგს ჩილელმა უნდა "უპატრონოს"

არტურო ვიდალს ბარსელონაში ახალი მისია დააკისრეს: 31 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა “პრობლემურ ბავშვზე”, 21 წლის უსმან დემბელეზე უნდა იზრუნოს.

ფრანგი გარემარბი კატალონიურ გრანდში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ იმედებს ვერ ამართლებს. მეტიც: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მოედანს მიღმა უფრო ექცევა ყურადღების ცენტრში - უდისციპლინობის გამო უკვე არაერთხელ დაისაჯა. ამას წინათ მან ვარჯიში არასაპატიო მიზეზით გააცდინა, რის გამოც განაცხადშიც არ შეიყვანეს.

ბარსელონას ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დემბელე “მოარჯულონ”. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ეს საქმე არტურო ვიდალმა უნდა ითავოს - დემბელეს სწორედ მან უნდა მიხედოს. ამის შესახებ ესპანური გაზეთი Sport წერს.

“ხანდახან ზედმეტად ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მოედანს მიღმა ხდება. დემბელე ახალგაზრდაა და როგორც ყველა ახალგაზრდას, მასაც სჭირდება რჩევები გამოცდილი ადამიანებისგან. ჩვენ მას დავეხმარებით!” - ეს სიტყვები ვიდალმა ეინდჰოვენთან მატჩის წინ თქვა. როგორც ჩანს, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს ჩილელის განცხადება ჭკუაში დაუჯდათ.

სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას, ვიდალი თითქმის ყოველთვის დემბელეს გვერდით ზის, ბევრს ელაპარაკება და რჩევებს აძლევს. დემბელეს ულაპარაკოდ აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს - თუკი ვიდალი მას “ჭკუაზე მოიყვანს”...

კომენტარები

ბოლო ამბები