Thumbnail
  • 🏀 ესტონეთი V საქართველო 📅 30 ნოემბერი ⌚ 21:00 📺 პირველი არხი
  • 🏀 საქართველო V ისრაელი 📅 3 დეკემბერი ⌚ 19:00 📺 პირველი არხი

დღეს ტალინში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესტონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართება. გუშინ, ილიას ზუროსის გუნდმა "საკუ არენაზე" წინასამატჩო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს…

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრები)
"100%-ით ჯანმრთელი ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გუნდს სამი დღეა შევუერთდი და სრული დატვირთვით ვემზადები. ვეცდები მაქსიმალურად დავეხმარო საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოპოვებაში".

რევაზ როგავა (საქართველოს ნაკრები)
"საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. ამ მატჩებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. ვფიქრობ კარგ ფორმაში ვარ და ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ეროვნული გუნდის წარმატებაში".

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
"ოთხი დღე გვქონდა ესტონეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად. მეტოქეს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და გუნდური თამაშით ცდილობს წარმატების მიღწევას. ბევრს დარბიან და ცდილობენ პერიმეტრიდან სროლებით მიაღწიონ წარმატებას. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მწვრთნელის ყველა მითითება, რაც მივიღეთ ამ ოთხი დღის განმავლობაში და იმედია, რომ გავიმარჯვებთ".   

საქართველოს ნაკრები ტალინში

საქართველოს ნაკრები

გიორგი ცინცაძე (ალ შამალი, ყატარი), თად მაკფადენი (გრან კანარია, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ბურგოსი, ესპანეთი), დუდა სანაძე (თავისუფალი აგენტი), მერაბ ბოქოლიშვილი (დინამო), რევაზ როგავა (ოლიმპი), ლევან ფაცაცია (ქუთაისი), მიხეილ ბერიშვილი (ალ შამალი, ყატარი), ბექა ბურჯანაძე (გიპუზკოა, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (ტიტები), გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი), გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი).

როგორც კალათბურთის ფედერაცია იუწყება, ილიას ზუროსმა ნაკრები დიდხანს არ ავარჯიშა. ძირითადი დრო იმ კონკრეტული კომბინაციების დამუშავებას დაეთმო, რაზეც გაკეთდება აქცენტი დღევანდელ მატჩში. ქართველმა მოთამაშეებმა ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმეს სროლებს, ასევე ფიზმომზადებას და მოთელვებს.

ხვალ, საქართელოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება, 3 დეკემბერს კი ილიას ზუროსის გუნდი სპორტის სასახლეში ისრაელს დაუპირისპირდება.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე 6-გუნდიან, L ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები გერმანიის, საბერძნეთის, სერბეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებები არიან. პლანეტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, საქართველოს შანსები კი მიზერულია. ილიას ზუროსის გუნდს 11 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილი უკავია. იგივე შედეგი აქვს ისრაელს, ესტონეთი კი 10 ქულით ბოლო ადფგილზეა. რაც შეეხება ლიდერთა სამეულს: გერმანიას და საბერძნეთს 16-16 ქულა აქვთ და უკვე გაინაღდეს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, მესამე ადგილზე კი სერბეთია 13 ქულით.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ტალინში
ფოტო: GBF.GE-დან

 

კომენტარები

ბოლო ამბები