Thumbnail

ლებრონმა ლეიკერსს მოაგებინა და კარლ მელოუნს გადაასწრო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ინდიანა პეისერსი 104:96 დაამარცხა
  • ლებრონ ჯეიმსმა თამაში ფაქტობრივად მარტომ მოიგო
  • “მეფემ” კარლ მელოუნის შედეგი გააუმჯობესა

ორლანდო მეჯიქთან და დენვერ ნაგეთსთან ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ლეიკერსმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ინდიანა პეისერსი 104:96 დაამარცხა. ჯეიმსმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ექსტრაკლასი და 38 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით თამაში თითქმის მარტომ მოიგო.

ლოს ანჯელესელებმა თამაში თავიდანვე კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 38:15 მოიგეს, პეისერსს კი აშკარად ძალიან აკლია სუპერვარსკვლავი ვიქტორ ოლადიპო, რომელიც ტრავმირებულია. ასე განსაჯეთ, ინდიანამ პირველი ქულა თითქმის 5 წუთის შემდეგ მიოპოვა. მეორე მეოთხედში პეისერსის კალათბურთელებმა გაიღვიძეს. პირველ რიგში ეს დომანტას საბონისზე ითქმის, რომელმაც ბოლოს ორმაგი დუბლი დააფიქსირა (20 ქულა, 15 მოხსნა). ინდიანამ იმდენი შეძლო, რომ დიდ შესვენებაზე მხოლოდ 6-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, მესამე მეოთხედში კი, ტაირიკ ევანსის სამიანით, თამაშში პირველად დაწინაურდა.

ამის შემდეგ დაიწყო ლოგიკური ამბავი: ლებრონ ჯეიმსი ყველა პეისერსელის წინააღმდეგ. მან ბოლო 4:30 წუთში 12 ქულა გააკეთა და ყველას მოუგო. ლეიკერსიდან მეორე შედეგი ბრენდონ ინგრამს ჰქონდა (14 ქულა).

ლებრონ ჯეიმსისთვის ეს 436-ე მატჩი იყო, რომელშიც მან მინიმუმ 30 ქულა გააკეთა - ამით მან NBA-ს ლეგენდას, კარლ მელოუნს გადაასწრო. მის წინ ახლა მხოლოდ მაიკლ ჯორდანი (562) და უილტ ჩემბერლენი (515) არიან.

როგორც იცით, ლეიკერსის პრეზიდენტი ახლა ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონია, რომელმაც ინდიანასთან თამაშის წინ თქვა: “ლებრონს ცოტა ნაკლები პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ყველაფერი მან აკეთოს. თუ ასე იქნება, მივიღებთ იმას, რაც კლივლენდმა მიიღო.”

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში ახლა მე-7 ადგილზეა. ინდიანა პეისერსი კი - აღმოსავლეთში მე-5 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები