Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა და ტორონტომ შესანიშავი შოუ შემოგვთავაზეს
  • კევინ დურანტის მეგა-თამაშს კავაი ლეონარდმა და მისმა თანაგუნდელებმა უპასუხეს

არა, გოლდენ სტეიტს სტეფ კარის გარეშე თამაში არ უსწავლია - უბრალოდ, ბოლო მატჩებში კევინ დურანტი აკეთებდა იმაზე მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში შეუძლია და უორიორსმა ამიტომაც მოიგო ზედიზედ სამი თამაში პორტლენდთან, საკრამენტოსთან და ორლანდოსთან. KD აღმოსავლეტ კონფერენციის ლიდერ ტორონტოსთანაც შეუდარებლად ბრწყინვალე იყო, 51 ქულა გააკეთა, მაგრამ მისი სუპერთამაში (პლუს 11 მოხსნა და 6 პასი) საკმარისი აღარ აღმოჩნდა. უორიორსმა 128:131 წააგო. ოვერტაიმში.

თუკი გოლდენ სტეიტისთვის ეს ზედიზედ სამი მოგების შემდეგ პირველი მარცხია, ტორონტომ წარმატებული სერია გააგრძელა - ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო.

სტეფ კარის გარეშე “კევინი სახლში (ფაქტობრივად) მარტოა”. მარცხის თავიდან ასაცილებლად ყველაზე მეტად სწორედ ის იბრძოდა. დურანტს კარიერის საუკეთესო შედეგამდე მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა დააკლდა!

► კევინის 51 ქულა იმას ნიშნავს, რომ ბოლო სამ შეხვედრაში 144 ქულა აქვს. დურანტი პირველი კალათბურთელია კობი ბრაიანტის შემდეგ (153 ქულა 2007 წელს), რომელმაც 3 თამაშში 140-ზე მეტი ქულა ჩააგდო.

შესანიშნავი დღე ჰქონდა ტორონტოს ვარსკვლავ კავაი ლეონარდსაც, რომელმაც 37 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. თანაც, კავაის თანაგუნდელებმაც ბევრი ჩაყარეს (სიაკამი 26 ქულა, იბაკა - 20, დენი გრინი - 13, ვალანჩუნასი - 12, ლოური - 10), დურანტს კი მხოლოდ კლეი ტომპსონი (23) და იონას იერებკო (20) მიეხმარენ ნორმალურად.

სტეფი მალე დაბრუნდება

სტეფ კარის გარდა, გოლდენ სტეიტს ისევ აკლდა დრეიმონდ გრინიც. კარიზე კარგი ამბებია: სტეფი, რომელმაც 11 მატჩი გამოტოვა, უორიორსს მომდევნო მატჩში, ზაზა ფაჩულიას დეტროიტის წინააღმდეგ უნდა დაუბრუნდეს. კარი უკვე კარგადაა, რაშიც მაშინ დავრწმუნდით, როცა პარკეტზე შევარდა და დურანტთან ერთად Chest Bump-ით იზეიმა ის ამბავი, რომ ამ უკანასკნელმა, მიუხედავად ლეონარდის ხისტი დაცვისა, ველური სამიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

თუმცა, ბოლოს გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მეხუთე გასვლითი მატჩი წააგო. მიუხედავად ამისა, უორიორსი დასავლეთში მაინც მესამე ადგილზეა. ტორონტო კი, 19 მოგებითა და 4 მარცხით მთლიანად NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდია.

კომენტარები

ბოლო ამბები