Thumbnail

უარი მანჩესტერ სიტის - 19 წლის ბრაჰიმ დიასი მადრიდის რეალში მიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ სიტის ახალგაზრდა ნახევარმცველს გვარდიოლასთან დარჩენა აღარ სურს
  • ბრაჰიმ დიასმა ინგლისურ კლუბთან კონრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა
  • მედია წერს, რომ ფეხბურთელის გადაბირებას მადრიდის რეალი ამ ზამთარს შეეცდება

მანჩესტერ სიტის ახალგაზრდა ნახევარმცველს ბრაჰიმ დიასს კარიერის მადრიდის რეალში გაგრძელება სურს. ამის შესახებ Marca იუწყება, რომლის ცნობით, ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. 

19 წლის ბრაჰიმ დიასს სიტისთან ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისს ეწურება და წესით, მადრიდის რეალში გადასვლას მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსითაც შეძლებს, მაგრამ გამორიცხული არაა, "სამეფო კლუბმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე სცადოს მანჩესტერელებთან დალაპარაკება და ესპანელი ფეხბურთელის გადაბირება. 

დიასი მალაგას საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, საიდანაც მანჩესტერ სიტიში 2014 წელს, 14 წლის ასაკში აღმოჩნდა. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტის მაისურით სულ სამ მატჩში ითამაშა და სამივე თასზე, ფულემთან შეხვედრაში კი დუბლიც მიითვალა. მაგრამ ხოსეპ გვარდიოლა დიასს მეტად არ ენდობა და დიასსაც კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

ბრაჰიმ დიასს ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია. ნახევარმცველს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები