Thumbnail

ფიფას რეიტინგი განახლდა - საქართველოს ბოლო ხუთი წლის რეკორდი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფამ ნოემბრის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა
  • საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა და 89-ე ადგილზეა

ფიფამ ნოემბრის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვენა. საქართველოს ნაკრები, რომელმაც წარმატებით იასპარეზა უეფას ერთა ლიგაში, წინა თვესთან შედარებით სამი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 1269 ქულით 89-ე ადგილზეა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ნოემბერში, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა ჩაატარა. 15-ში სტუმრად ანდორასთან ფრედ 1:1 ითამაშა, 19-ში კი თბილისში გამართულ დასკვნით მატჩში ყაზახეთი დაამარცხა (2:1) და ლიგაში დაწინაურებასთან ერთად, ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ 89-ე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის, საქართველო შარშან ამ დროს რეიტინგში 104-ე პოზიციაზე იყო, 90-ეულში კი 2013 წლის მარტის შემდეგ აღარ ყოფილა.

ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე იყო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომავალ წლამდე თამაში დაგეგმილი აღარ აქვს.

განახლებულ რეიტინგში 76-ე პოზიცია უკავია ერთა ლიგის ½-ფინალში საქართველოს მომავალ მეტოქე ბელარუსს. პლეი ოფში ასევე გასული მაკედონია 68-ე პოზიციაზეა, კოსოვო კი - 131-ზე.

რაც შეეხება ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეულს, წინა თვესთან შედარებით, აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩათვლით ადგილების ცვლას პორტუგალიასა (მე-6 ადგილი) და ურუგვაის (7) შორის. რეიტინგის ლიდერი კვლავაც ბელგიაა, მეორე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთია.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1 (1). ბელგია - 1727 ქულა 
2 (2). საფრანგეთი - 1726 
3 (3). ბრაზილია - 1676
4 (4). ხორვატია - 1634
5 (5). ინგლისი - 1631
6 (7). პორტუგალია - 1614
7 (6). ურუგვაი - 1609
8 (8). შვეიცარია - 1599 
9 (9). ესპანეთი - 1591 
10 (10). დანია - 1589.

კომენტარები

ბოლო ამბები