Thumbnail

არავინ დავობს, რომ ლუის სუარესი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ურუგვაელი გოლების მანქანაა, თუმცა, მისი თამაშის სრულყოფილად შესაფასებლად მხოლოდ გატანილი გოლების მაჩვენებელი არ უნდა გავითვალისწინოთ. სუარესის ყველაზე ძლიერი მხარეები ეკრანზე ნაკლებად ჩანს. სწორედ მისი ამ თვისებების გათვალისწინებით, იგი ბარსელონასთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.

ერთი შეხედვით, სუარესმა კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ლივერპულში ითამაშა (2013/2014 წლების სეზონი), თუმცა სტატისტიკა და სუარესის თამაშის ანალიზი საპირისპიროში გვარწმუნებს - ლივერპულში El Pistolero უფრო შთამბეჭდავი იყო, ბარსელონაში კი იგი ტაქტიკურად უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდა.

სუარესის საფეხბურთო ევოლუცია

კატალონიამდე ლუის სუარესმა კარიერის რამდენიმე ეტაპი გაიარა. პერსპექტიული შემტევი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად აიაქსში იქცა. ამსტერდამში სუარესი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა და ფლანგიდან ცენტრისკენ დრიბლინგი მისი საყვარელი მანევრი იყო. ამ წლების სუარესი გამოკვეთილი ინდივიდუალისტია.

დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და დარტყმა

თავის ამსტერდამულ კარიერაში სუარესი დრიბლინგში რეკორდულად ხშირად მიდიოდა (ერედივიზიონში დაახლოებით 13-ჯერ თამაშში) და არცთუ ისე მაღალი პროცენტით - ხშირად კარგავდა ბურთს. მაგალითად, აიაქსთან ერთად 2010-2011 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სუარესი თამაშში 9.8-ჯერ მიდიოდა დრიბლინგში, საიდანაც 6-ჯერ ბურთს კარგავდა.

თუმცა, მას ამის თავისუფლება ჰქონდა - ჰოლანდიის ჩემპიონატის შემტევი და გახსნილი ხასიათი - El Pistolero-ს ამის საშუალებას აძლევდა.

აიაქსში 110 ერედივიზიონის შეხვედრაში 81 გოლი შეაგდო, რასაც ლივერპულთან ერთად გატარებული სამნახევარი სეზონი მოჰყვა.

ლივერპულში სუარესი სხვა ტიპის ფეხბურთელი გახდა. იგი გუნდის უპირობო ლიდერი იყო და სტადიონზე მოძრაობის თავისუფლება ჰქონდა. მას გაუმართლა და ლივერპულში ბრენდონ როჯერსთან მუშაობა მოუწია. როჯერსი ბრიტანეთში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოკლე პასებსა და ბურთის კონტროლზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში დაიწყო. როჯერსმა ლივერპულში უარი თქვა დიდ და ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელზე - ენდი კეროლზე. მას მოძრავი და ტექნიკური სუარესი სჭირდებოდა. ლივერპულში სუარესი უკან ჩამოდიოდა, იწყებდა შეტევას, გადადიოდა ფლანგებზე, ბევრს მოძრაობდა მთელ შემტევ ხაზში და ამასთან ერთად, კვლავ უამრავი გოლი გაჰქონდა - 133 შეხვედრაში ლივერპულთან ერთად მან 82 გოლი შეაგდო.

ლივერპულში სუარესის ანგარიშზე ყველა ტიპის გოლები იყო - მას გაჰქონდა შორეული დარტყმებით, ჯარიმებიდან, თავით, ახლო მანძილიდან დასწრებაზე და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, წლიდან წლამდე სუარესი უმატებდა რეალიზაციას. მისი დარტყმები უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა.

თუკი ლივერპულის პირველ სეზონში სუარესის დარტყმების მხოლოდ 7.3 პროცენტი სრულდებოდა გოლით, მის მეოთხე სეზონში ეს მაჩვენებელი თითქმის ორნახევარჯერ გაიზარდა და მისი დარტყმების 17.1 პროცენტი იყო საგოლე.

საუკეთესო სეზონი

ლუის სუარესის საუკეთესო ინგლისური სეზონი 2013/2014 წლებით თარიღდება. ურუგვაელი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მის ლივერპულს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა (ჯერარდის წაფორთხიალება ჩელსისთან) დააკლდა. ამ სეზონის სუარესის სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ იგი ყველაფერს აკეთებდა - გაჰქონდა გოლები, არიგებდა საგოლე პასებს, იწყებდა შეტევებს, უქმნიდა გუნდელებს მომენტებს, აქტიურად მონაწილეობდა პასში თამაშში. იგი გუნდის ყველა სათამაშო კომპონენტში იყო ჩართული.

ლოგიკურია, რომ მან ბარსელონას ყურადღება მიიპყრო. კატალონელთათვის თავდამსხმელის პოვნა ყოველთვის რთული იყო. მათ სჭირდებოდათ თავდამსხმელი, რომელიც იმდენად ჭკვიანურად იმოძრავებდა, რომ მესის სათამაშო ზონებს და სივრცეებს არ გადაუკეტავდა (იბრაჰიმოვიჩის პრობლემა ბარსელონაში) და ამავე დროს, უბურთოდ ბევრი მოძრაობის მიუხედავად, გოლებს სტაბილურად გაიტანდა.

კატალონური თავგადასავალი

სუარესის სახით ბარსელონამ მისთვის იდეალური ფორვარდი შეიძინა. ეს იყო მკვეთრად გამოკვეთილი თავდამსხმელი - ნამდვილი ცხრიანი და ე.წ. false nine ერთ ფეხბურთელში. El Pistolero-ს შეტევების დასრულება ეტოოსავით შეეძლო, თუმცა უბურთოდ ბევრად უკეთ მოძრაობდა, ვიდრე ნებისმიერი თავდამსხმელი, რომელიც კი ბარსას ჰყოლია.

ბარსელონას ორი ძირითადი შემტევი სტრატეგია აქვს. პირველი, როდესაც ლეო მესი ქმნის უპირატესობას, რომელსაც თავად იგი ან მისი გუნდელები იყენებენ. ლეო მეტოქის მცველების ყურადღებას განსაკუთრებულად იქცევს. როდესაც რამდენიმე მეტოქე ერთდროულად მესის მეურვეობს, მოედანზე სივრცეები თავისუფლდება. მესის ზუსტი გადაცემა და მისი გუნდელები კარგ შემტევ პოზიციაში ხვდებიან. მაგალითად, ბოლო შეხვედრაც გამოდგება მადრიდის ატლეტიკოსთან. უსმან დემბელე ფლანგზე თავისუფალი მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ, როგორც კი ბურთი მესისთან აღმოჩნდა, ატლეტიკოს მთელი დაცვა მესიზე კონცენტრირდა - მესის დროული პასი მარტოდ დარჩენილ დემბელეზე და ბარსამ გაიტანა.

სხვა მაგალითიც - გოლი ბილბაოსთან. მესი ერთ სათამაშო ეპიზოდში 5 მცველის ყურადღებას იქცევს, შედეგად ბარსას შემტევები ორი ორზე რჩებიან მცველებთან. მეორე ეპიზოდში მესის სამი მცველი ეთამაშება და თავისუფალ მუნირს გოლი გააქვს.

მეორე შემთხვევაში კი ბარსას უკვე მესი გაყავს შეტევისთვის სახიფათო პოზიციაში. ბარსას მთავარი ტაქტიკური იდეაა, რომ გაათავისუფლოს სივრცე მეტოქის კარის სიახლოვეს ლეო მესისთვის. ეს ან ბურთის გათამაშების ხარჯზე უნდა მოხდეს, რასაც ჩავი, ინიესტა და სხვები აკეთებდნენ, ან ჭკვიანურად მოძრავი თავდამსხმელის წყალობით, რომელიც მცველებს საჭირო ზონებიდან  გაიტყუებს - ეს სუარესის საქმე არის. როდესაც ბარსელონა სივრცეს პოულობს და ამ სივრცეს მესი უტევს, მეტოქეს შანსი თითქმის არ აქვს.

ლეო მესის იდეალური პარტნიორი

ბარსელონაში სუარესს თავისი თამაშის გადაწყობა მოუწია. ბარსას წინააღმდეგ თითქმის ყველა გუნდი დიდი ძალებით იცავს თავს და ლივერპულის, ან მით უმეტეს აიაქსისგან განსხვავებით, სუარესი სივრცეებს ისე ადვილად ვეღარ პოულობდა. სეზონის უმეტეს თამაშებში მას კომპაქტურ სივრცეში მასირებულ დაცვასთან უწევდა თამაში.

მეორე გამოწვევა ლეო მესისთან თამაშის შეთავსება იყო. ლივერპულში სუარესი გუნდის უპირობო ლიდერი იყო, ბარსელონაში კი თამაში მესის გარშემოა აწყობილი და მას გოლების გარდა მესისთვის ხელსაყრელი სათამაშო სიტუაციების შექმნა ევალებოდა.

უბურთოდ მოძრაობა ანუ კაცის გაყვანის უნარი სუარესის მთავარი საფეხბურთო ღირსებაა - მას შეუძლია სისწრაფის ხარჯზე მცველების უკან გაიხსნას და ამ გახსნის ხარჯზე სივრცე შექმნას მეტოქის მცველებსა და ნახევარმცელებს შორის, ფლანგზე გადმოვიდეს ან მოედნის სიღრმეში ცენტრისკენ ამოვიდეს და მეტოქის ცენტრალური მცველები ამოიტყუოს. ამავე დროს სუარესი მუდამ აქტიური და დარტყმაზე ორიენტირებულია. იმ თამაშებშიც კი, როდესაც მას გოლი ვერ გააქვს, იგი მცველებისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტოტენჰემთან მესიმ ორი გოლი შეაგდო. სუარესი ბურთს არ ეხება, თუმცა მისი სწორი მოძრაობა ეხმარება მესის აღმოჩნდეს საგოლე პოზიციაში. იგი ახლო ძელთან გადის, გაყავს მცველები და სიღრმიდან შემოსულ მესის სივრცეს უთავისუფლებს.

გოლებთან ერთად ბარსელონაში სუარესის ძირითადი საქმე სწორედ გახსნა და უბურთოდ მოძრაობაა ისე, რომ მის მიერ გათავისუფლებული სივრცეები მესის, (და არამარტო მესის,) დაეხმაროს.

ვიდეოში კარგად ჩანს - სუარესი ჯერ მეტოქის დაცვის ხაზს აიძულებს, რომ სიღრმეში იდგეს. იგი მოედნის ცენტრთან მდგარ მესის სივრცეს უქმნის, რომელშიც მესი დრიბლინგით შემოდის, შემდეგ კი ისე იხსნება, რომ გაყავს მცველები და უთავისუფლებს მესის მის საყვარელ ზონას - ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ. სუარესის გახსნის შედეგად მესი ერთი ერთზე რჩება მცველთან და ბურთი დასარტყმელად ხელსაყრელ მარცხენა ფეხზე აქვს.

სუარესამდე ბარსელონაში ორი დიდი ბომბარდირი - სამუელ ეტოო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ მოერგნენ გვარდიოლას მიერ შექმნილ სათამაშო კონცეფციას. ორივეს ერთი პრობლემა ჰქონდა - ისინი უბურთოდ არასწორად მოძრაობდნენ და ხელს უშლიდნენ მესის სივრცეების პოვნაში. სუარესი კი ამ როლს იდეალურად ერგება - იგი მესისთვის იდეალური პარტნიორია.

გასულ სეზონში მთელს ბარსელონაში ორი მოთამაშე იყო, რომელიც ისეთ პასებს იღებდა (ანუ ისე იხსნებოდა), რომ გუნდს ამ პასის შედეგად ბურთი 10-მეტრზე მეტით მიჰქონდა წინ - ჯორდი ალბა და ლუის სუარესი. ორივე შემთხვევაში პასების ავტორი ლეო მესი იყო. ამ მოთამაშეების უნარი - სწორედ გაიხსნან - ლეოს და მთელ ბარსელონას თამაშს უადვილებს.

სუარესი კარგად ერგებოდა, როგორც ლუის ენრიკეს უფრო თავისუფალ 4-3-3 სქემას, როდესაც მას ნეიმართან და მესისთან ერთად შეტევაში უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა და ფლანგებზეც გადადიოდა, ასევე ვალვერდეს 4-4-2-ს, როდესაც ბარსელონას ფლანგებზე ორი მოთამაშე ჰყავს და, შესაბამისად, სუარესს თამაშის დიდი ნაწილის მეტოქის საჯარიმოში გატარება უწევს.

ცვლილებები თამაშის სტილში

ბარსელონაში ადაპტაციისთვის სუარესმა უარი თქვა ორ მნიშვნელოვან ატრიბუტზე მის თამაშში - დრიბლინგზე და შორიდან დარტყმაზე. ბარსელონა ბურთს იდეალურად ამოძრავებს, ამისთვის უმეტეს შემთხვევაში სწრაფად 1 ან 2 შეხებაში თამაშია საჭირო. დრიბლინგი მესის ან ნეიმარის საქმე იყო, ბურთის სწრაფად მოძრაობისთვის სუარესმა დრიბლინგის ხშირ გამოყენებაზე უარი თქვა.

თუკი ლივერპულში სუარესს თამაშში საშუალოდ 7-ზე მეტი დრიბლინგი ჰქონდა, საიდანაც იგი დაახლოებით 5-ჯერ კარგავდა ბურთს (ანუ დრიბლინგის უმეტესობა უშედეგო იყო), ბარსელონაში იგი მის არცერთ სეზონში არ გადასცდენია თამაშში 3 დრიბლინგის ზღვარს - ამ სეზონში კი El Pistolero სულ რაღაც 2.1-ჯერ მიდის დრიბლინგში. ამ ცვლილების შემდეგ სუარესი აკმაყოფილებს კატალონელთა მთავარ მოთხოვნას - ბარსას მოთამაშე არ უნდა კარგავდეს ბურთს.

ასევე დრამატულად შემცირდა შორიდან დარტყმების რაოდენობა - ბარსელონა, ზოგადად, თავს არიდებს შორიდან დარტყმებს, რადგან ყველა შემთხვევაში დაბალპროცენტიანი დარტყმაა და ბურთის ფლობას იმ მომენტამდე ანიჭებს უპირატესობას, სანამ კარგ დასარტყმელ პოზიციამდე არ გავა. ერთადერთი გამონაკლისი ისევ და ისევ ლეო მესია, რომელიც ხშირად ხვდება ხოლმე ბურთიანად -მეტოქის საჯარიმოს წინ, იმ პოზიციაში, საიდანაც მას ძალიან ბევრი გოლი აქვს გატანილი.

სუარესს ყოველთვის თავს არიდებს იმ ზონებს, სადაც მესი შედის. შესაბამისად, საჯარიმოს სიახლოვეს, შორიდან დარტყმისთვის იდეალურ პოზიციაში იგი ბარსელონაში ბევრად უფრო იშვიათად ხვდება.

ლივერპულში სუარესის დარტყმების ერთ მესამედზე მეტი (36 %) შორეულ დარტყმებზე მოდიოდა, ბარსელონაში კი ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, გასულ სეზონში სუარესი საჯარიმოს გარედან თამაშში საშუალოდ 0.5 ჯერ არტყამდა (ანუ 2 თამაშში ერთხელ). შედეგად, ბარსაში სუარესს საჯარიმოს გარედან მხოლოდ 2 გოლი აქვს შეგდებული.

შორიდან დარტყმების შემცირებასთან ერთად გაიზარდა სუარესის რეალიზაციის მაჩვენებელი. ეს ორი ფაქტორით არის გამოწვეული - ბარსას სათამაშო სტილით - კატალონელები თავიანთ შემტევებს კარგ დასარტყმელ სიტუაციებს უქმნიან და სუარესის პროფესიული ზრდით - წლიდან წლამდე იგი რეალიზაციას უმატებს.

თუკი ლივერპულში სუარესს მის საუკეთესო წელსაც (2013/14) კი დაახლოებით 6 დარტყმა სჭირდებოდა 1 გოლის შესაგდებად, ბარსაში მას ყოველი 4 დარტყმიდან 1 გააქვს. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონაში იგი ბევრად უფრო იშვიათად არტყამს კარში (დაახლოებით 3.5-ჯერ თამაშში, ლივერპულში - დაახლოებით 5-ჯერ არტყამდა), მას იგივე რეზულტატურობა აქვს და დაახლოებით იგივე რაოდენობის გოლები გააქვს. სუარესი ბარსელონაში უფრო უკეთესი გუნდური მოთამაშე გახდა, ისე, რომ არ შეუმცირებია გოლების რაოდენობა.

ბარსელონასთან ერთად სუარესი ბევრად უფრო ხშირად თამაშობს პასში. ლივერპულში სუარესი თამაშში 30 პასიან ნიშნულს მხოლოდ ერთხელ გადაცდა. ძირითადად კი, იგი მატჩში დაახლოებით 25 გადაცემას აკეთებდა. ბარსელონასთან ერთად იგი მის თითოეულ სეზონში დაახლოებით 35 გადაცემას აკეთებს ანუ თითქმის 10 პასით მეტს.

სუარესი მესის გარეშე

რომელი იყო წელს სუარესის საუკეთესო მატჩი? მარტივი კითხვაა - კლასიკო რეალის წინააღმდეგ, რომელშიც სუარესმა 3 გოლი შეაგდო. შემთხვევითი არ არის, რომ ეს იყო შეხვედრა, რომელსაც ლეო მესი ტრავმის გამო ტოვებდა. იმ შეხვედრებში, რომლებშიც მესი არ თამაშობს, სუარესს უფრო მეტი ტაქტიკური თავისუფლება აქვს. იგი ბარსას შეტევის პირველი ვარსკვლავი ხდება, თავისუფალია შავი სამუშაოსგან და იწყებს იმის კეთებას, რასაც ლივერპულში აკეთებდა, ჩამოდის უკან, ქმნის მომენტებს და არიგებს სახიფათო გადაცემებს.

ამ სეზონში მისი სტატისტიკა იმ შეხვედრებში, რომლებშიც მესი არ თამაშობდა დიამეტრულად იცვლებოდა.

სუსტი და ძლიერი მხარეები

თუკი ლუის სუარესის სუსტ მხარეებზე საუბარი შეიძლება, მაშინ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ იგი ბარსელონას მოთამაშისთვის დაბალი პროცენტით თამაშობს პასში. მისი პასების მხოლოდ 72.1 %-ია ზუსტი. შემტევებს ზუსტი პასების ყოველთვის უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ - მათ თამაში და პასის მიცემა მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს უწევთ, იმ ზონებში, სადაც მეტოქის მცველები დიდი რაოდენობით იყრიან თავს. თუმცა, სუარესის მაჩვენებელი ჩამოუვარდება ყველა მის თანაგუნდელს, მათ შორის მესის (83 %ზუსტი პასები), რომელსაც ასევე რთული გადაცემების გაკეთება უწევს.

გარდა ამისა, თუკი სუარესის მონაცემებს სხვა იმ გუნდების თავდამსხმელებს შევადარებთ, რომლებსაც თავის ჩემპიონატში ასევე დიდი სათამაშო უპირატესობა აქვთ ხოლმე (აგუერო, ლევანდოვსკი, რონალდო), სუარესი მათ ფონზეც დაბალი პროცენტით თამაშობს პასში.

თუმცა, იგი თავდამსხმელისთვის საკმაოდ ბევრ პასს გასცემს - ზემოთჩამოთვლილთაგან პასების რაოდენობაში მას მხოლოდ კრიშტიანო რონალდო აღემატება და, რაც მთავარია, სუარესი ძალიან იშვიათად კარგავს ბურთს. საფეხბურთო სტატისტიკა ითვლის ე.წ. unssuccessful touches (ცუდი შეხება) და dispossessed (დაკარგვა) კატეგორიებს ანუ როდესაც მოთამაშე ცუდად იღებს ბურთს და კარგავს, ან მეტოქე ართმევს მას. ეს კატეგორია შემტევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავდამსხმელს ბურთის მიღება უმეტეს შემთხვევაში ბრძოლაში, მეტოქის მცველების უშუალო სიახლოვეს, უწევს.

ამ კატეგორიებში ლუის სუარესი წამყვანი ევროპული კლუბების თავდამსხმელებს შორის ლიდერია - იგი ბურთს მიღების დროს ან მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად კარგავს - მხოლოდ 3.5 ჯერ თამაშში. ეს იმის მიუხედავად, რომ ფიზიკური გაბარიტებით იგი არცთუ ისე დიდია. მაგალითად, ლეო მესი ბურთს ამ ტიპის დაკარგვების გამო 5.2-ჯერ კარგავს. ამ კატეგორიაშიც წამყვან ევროპელ თავდამსხმელებს შორის მას მხოლოდ კრიშტიანო რონალდო შეედრება.

სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ სუარესი ძალიან კარგად იღებს ბურთს და არ კარგავს და თავდამსხმელისთვის ხშირად თამაშობს პასში - ეს მისი ძლიერი მხარეებია. როდესაც იგი ბურთს კარგავს, ეს ყველაზე ხშირად არაზუსტი გადაცემის გამო ხდება.

ეს მაჩვენებელიც მან ლივერპულთან შედარებით ბარსელონაში გააუმჯობესა. ინგლისში სუარესი თამაშში საშუალოდ 5-ჯერ კარგავდა ბურთს, ბარსასთან ერთად კი მან დაკარგვების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 30 %-ით, შეამცირა და  თამაშში 3.4 დაკარგვაზე ჩამოიყვანა.

სუარესის თამაშის ანალიზი გვარწმუნებს, რომ იგი არა მხოლოდ ძალიან კარგი ბომბარდირი, არამედ ტაქტიკურად უშეცდომო ფორვარდია. იგი მუდამ პროგრესირებს და ბარსელონაში იგი იმ ფეხბურთელიდან, რომელიც თავის თავზე ირგებდა გუნდის თამაშს (ხშირად არტყამდა, ატყუებდა და ა.შ.), იმ მოთამაშეც იქცა, რომელიც იდეალურად ერგებდა გუნდის თამაშს, აძლევს გუნდის სხვა ლიდერებს უკეთესად თამაშის საშუალებას და კვლავ სტაბილურად გააქვს გოლები.

კომენტარები

ბოლო ამბები