Thumbnail
  • 🏀 ესტონეთი V საქართველო 📅 30 ნოემბერი ⌚ 21:00 📺 პირველი არხი
  • 🏀 საქართველო V ისრაელი 📅 3 დეკემბერი ⌚ 19:00 📺 პირველი არხი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 30 ნოემბერს ესტონეთს ესტუმრება, ხოლო 3 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ტალინში გამგზავრების წინ, ბოლო ვარჯიში გამართა და ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომელიც ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს. ჯერ შემადგენლობას გავეცნოთ და შემდეგ კომენტარებს...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი ცინცაძე
(ალ შამალი, ყატარი), თედ მაკფადენი (გრან კანარია, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ბურგოსი, ესპანეთი), დუდა სანაძე (თავისუფალი აგენტი), მერაბ ბოქოლიშვილი (დინამო), რევაზ როგავა (ოლიმპი), ლევან ფაცაცია (ქუთაისი), მიხეილ ბერიშვილი (ალ შამალი, ყატარი), ბექა ბურჯანაძე (გიპუზკოა, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (ტიტები), გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი), გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი).

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“არა მარტო ჩვენთვის, სხვა გუნდებისთვისაც ეს სანაკრებო ფანჯარა განსაკუთრებულად რთულია. დიდი ხანია არ შევკრებილვართ და ასეთ მოკლე დროში რთულია მატჩებისთვის იდეალურად მომზადება. მჯერა ჩემი მოთამაშეების და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. უნდა აღვნიშნო, რომ ესტონეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერია. გუნდმა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, ისრაელის ნაკრები საკმაოდ მარტივად დაამარცხა. ასე რომ, წინ საინტერესო მატჩი გველოდება”.

ილიას ზუროსი
ფოტოები GBF.GE-დან

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრები)
“ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და სიტყვებით ვერ აღვწერ იმდენად დიდ ემოციებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი გუნდს და უახლოეს შეხვედრებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დავიცავ. ძალიან მოტივირებული ვარ, მონატრებული და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ყველამ ვიცით ილიას ზუროსის მიდგომა, პირველ რიგში დაცვას ექცევა ყურადღება და ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს შეხვედრებში სასურველ შედეგებს მივაღწიოთ. მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო, რომ ესტონეთთან შეხვედრაში სახლიდან გვიქომაგონ, ხოლო ისრაელთან მატჩისთვის სპორტის სასახლეში მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ”.

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მართალია, თირნიკე შენგელია გვაკლია, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც შეიკრიბა კარგი შემადგენლობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდური თამაშით სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ზუროსის ტაქტიკა ცნობილია, დაცვას ენიჭება უპირატესობა, მაღლებზე გაკეთდება აქცენტი და ყველაფერს გააკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, სამწუხაროდ ცოტა ხნით ვითამაშე ესპანურ გუნდში და შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა კონტრაქტის გაგრძელება. ამ პრობლემების შესახებ მანამდეც ვიცოდი, თუმცა იყო იმედი, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, თუმცა ახალი წინადადების მოლოდინში ვარ და არის კარგი ვარიანტები. ჩემი სურვილი ესპანეთში დაბრუნებაა”.

თედ მაკფადენი (საქართველოს ნაკრები)
“წინ რთული მატჩები გველოდება, თუმცა კარგი გუნდი გვყავს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. საქართველოს ნაკრებში და ზოგადად, ამ ქვეყანაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქაური ყველაფერი მომწონს და ჩემი სურვილია, რომ ამ გუნდში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგაც ვითამაშო”.

კომენტარები

ბოლო ამბები