Thumbnail
  • კრასნოდარის ნახევარმცველი ევროპალიგის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე წარსდგა
  • 26 წლის ფეხბურთელმა თავის ფიზიკურ ფორმასა და მატჩის მოლოდინზე ილაპარაკა
  • თორნიკესგან ჟურნალისტები მორიგ მაკრატელას მოელიან

საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, თურქულ ახისართან ევროპალიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე წარსდგა. 

კრასნოდარი, რომელიც J ჯგუფს სევილიასთან ერთად ლიდერობს, 29 ნოემბერს საკუთარ მოედანზე უმოტივაციო ახისარს უმასპინძლებს. 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ტრავმის გამო ბოლო დრომდე ვერც კლუბს ეხმარებოდა და ვერ ეროვნულ ნაკრებს, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს და მზადაა, მატჩი სრულად ჩაატაროს.

თორნიკე მოედანს ახლახან, ტულის არსენალთან მატჩში დაუბრუნდა და ბოლო 12 წუთი ითამაშა.

როგორ ფიზიკურ ფორმაში ხართ? მზად ხართ, მთელი მატჩი ჩაატაროთ?

დიახ, 100 პროცენტით მზად ვარ. თავს კარგად ვგრძნობ და არაფერი მაწუხებს. მომავალ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას ველით.

გითამაშიათ თურქეთში. რას იტყვით თურქული გუნდების, კონკრეტულად კი ახისარის სუსტ და ძლიერ მხარეებზე?

თურქეთის ჩემპიონატში ამ გუნდის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ახისარის მთავარი ძლიერი მხარე შემტევი ფეხბურთის თამაშია, რომელიც ამ გუნდს კარგად გამოსდის. საერთოდ, თურქულ კლუბებს საშინაო მატჩებში არანორმალური მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ კი ასეთივე ქომაგობას საკუთარი გულშემატკივრებისგან ველოდებით. ეს გვჭირდება.

თუ შესაძლებლობა გექნებათ, "მაკრატელას" დაარტყამთ?

არა, ხვალ თოვაა გამოცხადებული (ეღიმება). სიმართლე გითხრათ, თუ მექნება ამის შანსი, დავარტყამ. 

თორნიკემ მაკრატელა ცოტა ხნის წინ სევილიას გაუტანა

ოთხი ტურის შემდეგ J ჯგუფში 9-9 ქულა კრასნოდარსა და სევილიას აქვთ. 6 ქულა აქვს სტანდარდს, ხოლო ახისარს - 0.

თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა - სევილიას გამარჯვების გოლი ეფექტური მაკრატელათი გაუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები