Thumbnail

უჩვეულოდ სუსტი ლებრონი! ლეიკერსის ანტირეკორდი დენვერთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეიკერსის სარეკორდო მარცხი დენვერთან
  • ლოს ანჯელესელებმა 32-ქულიანი სხვაობით წააგეს
  • ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ 14 ქულა ჩააგდო

ლებრონ ჯეიმსმა და ლოს ანჯელეს ლეიკერსმა წუხელ ისტორიული მარცხი განიცადეს. ლეიკერსი დენვერ ნაგეთსთან სტუმრად 85:117 დამარცხდა - ამ გუნდებს შორის 32-ქულიანი სხვაობა მანამდე არასდროს დაფიქსირებულა!

უჩვეულოდ ცუდი დღე ჰქონდა თავად ლებრონსაც - მეფემ მხოლოდ 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ესეც რომ არ იყოს, მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი! ყველაზე მეტი ქულა მატჩში კაილ კუზმას ჰქონდა - 21. დენვერიდან სამმა კალათბურთელმა გაიბრწყინა - პოლ მილსეპმა, ჯამალ მიურეიმ და მალიკ ბისლიმ 20-20 ქულა ჩააგდეს.

კალიფორნიელებს განსაკუთრებით სამქულიანების ჩაგდება გაუჭირდათ - 35 მცდელობიდან მათ მხოლოდ ხუთი სამიანი ჩააგდეს (14,5 %). დიდ შესვენებაზე ნაგეთსი მხოლოდ 8 ქულით იყო წინ, მესამე პერიოდში კი უპირატესობის 18 ქულამდე გაზრდა მოახერხა. დენვერმა ბოლო მეოთხედშიც მაქსიმალურად მოინდომა და ლეიკერსი საბოლოოდ ისტორიულად დიდი სხვაობით დაამარცხა.

ლებრონს და კომპანიას ახლა ზედიზედ ოთხი საშინაო მატჩი ელით - პირველი პარასკევს გამთეენისას, ინდიანა პეისერსთან. ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში, 11 მოგებითა და 9 წაგებით მე-7 ადგილზეა. დენვერი კი მესამე პოზიციაზეა და გოლდენ სტეიტს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. კონფერენციაში ლოს ანჯელეს კლიპერსი ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები