Thumbnail
  • ⚽ პსჟ V ლივერპული 📅 ოთხშაბათი ⌚ 23:59 📺 SILK UNIVERSAL
  • "პარკ დე პრენსზე" ნეიმარისა და მბაპეს იმედი აქვთ
  • ლივერპულს სტუმრად გოლის გატანა ძალიან უჭირს
  • ტოტენჰემმა "უემბლიზე" აუცილებლად უნდა მოიგოს 

С ჯგუფის კვარტეტი ამართლებს "სიკვდილის ჯგუფის" სახელწოდებას. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მთავარი თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მატჩიც სწორედ ამ ჯგუფში, პარი სენ-ჟერმენსა და ლივერპულს შორის გაიმართება.

თომას ტუხელისა და იურგენ კლოპის გუნდები ცდილობენ, თავიდან როგორმე აირიდონ ევროპალიგაში გადაბარგება. მასპინძლებს "პარკ დე პრენსზე" დამარცხების შემთხვევაში ეს საფრთხე რეალობად ექცევათ, თუკი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ნაპოლი ცრვენა ზვეზდას მოუგებს. და თუ ასე მოხდა, ლივერპული ავტომატურად ვადამდე გაინაღდებს ⅛-ფინალში თამაშს.

პარი სენ-ჟერმენი

ტუხელმა ნეიმარს მატჩის წინ ვარჯიშზე მითითები მისცა

ტუხელის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა არცთუ კარგად დაიწყო. პირველ ტურში სტუმრად სწორედ ლივერპულთან წააგო (2:3), ოღონდ მაშინ ალფონს არეოლას კარში გადამწყვეტი გოლი კომპენსირებულ დროში გავიდა. მეორე ტურში პარიზელებმა შინ ცრვენა ზვეზდას გადაუარეს (6:1), მაგრამ შემდეგ ბოლო წუთზე ნაპოლისთან საშინაო მარცხს გადაურჩნენ (2:2). პსჟ-მ ნეაპოლშიც ფრედ ითამაშა (1:1) და ოთხი ტურის შემდეგ, 5 ქულით, ჯგუფში მესამეა - ერთი ქულით უსწრებს ცრვენა ზვეზდას (4) და თითო ქულით ჩამორჩება ნაპოლისა (6) და ლივერპულს (6). 

პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაფერი წესრიგში აქვს - კონკურენციას პრაქტიკულად ვერავინ უწევს და 14-ივე მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით 46:7. პარიზელებმა ბოლო ტურში ტულუზს მოკრძალებული ანგარიშით (1:0) მოუგეს, თუმცა იმ მატჩში ტრავმების გამო ნეიმარსა და კილიან მბაპეს არ უთამაშიათ.

მიუხედავად სიცივისა, პარიზელთა ვარჯიშმა მხიარულად ჩაიარა

იყო საშიშროება, რომ პსჟ-ის უმთავრეს ვარსკვლავებს ვერც ლივერპულთან ეთამაშათ, თუმცა გუნდის თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ ოთხშაბათ საღამოს ორივე მწყობრში ეყოლება. მასპინძლებს ტრავმირებულები სტენლი ნსოკი და კოლინ დამბა ჰყავთ.   

ლივერპული

სალაჰსა და ფირმინოს ჩემპიონთა ლიგაში 2-2 გოლი აქვთ გატანილი

ლივერპული ჯერჯერობით იგებს შინ და აგებს გარეთ. "ენფილდზე" პსჟ-საც (3:2) აჯობა და ცრვენა ზვეზდასაც (4:0), სტუმრად კი სერბებთანაც დამარცხდა (0:2) და ნაპოლისთანაც (0:1). როგორც ხედავთ, ლივერპული სხვის მოედანზე არამხოლოდ ვერ იგებს, გოლსაც ვერ იტანს. ოთხი ტურის შემდეგ კლოპის შეგირდები პირველ ადგილს ნაპოლისთან კი იყოფენ, მაგრამ პლეი ოფამდე ჯერ შორია.

პრემიერლიგაში ლივერპული უფრო სტაბილურია. კლოპის გუნდი იქ დაუმარცხებელია (13 მატჩი, 10 მოგება, 3 ფრე, ბურთები: 26:5) და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ სიტის. პარიზში ლივერპული უოტფორდთან ლამაზი გამარჯვებით (3:0) ჩადის. 

კლოპს პარიზში რთული მატჩი ელის

პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ნამდვილად ვერ ითამაშებს ალეკს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. საეჭვოა ჯო გომესისა და ადამ ლალანას მოედანზე გამოჩენა.

საინტერესო ფაქტები

► პირველ წრის მატჩამდე ამ გუნდების გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - 1996/97 წლების უეფას თასზე. მაშინ უფრო ძლიერი პსჟ აღმოჩნდა - 3:0, 0:2.

► "ენფილდზე" თამაშის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი ზედიზედ 12 მატჩია დაუმარცხებელია - 10 მოგება, 2 ფრე.

► პარი სენ-ჟერმენმა საკუთარ მოედანზე ამ სეზონში ჩატარებული ყველა ტურნირის 10 მატჩიდან 9 მოიგო, საშუალოდ კი 3,5 გოლს იტანდა. 

► ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი ოთხივე შეხვედრა წააგო.

► ლივერპულმა ყველა ტურნირში სტუმრად ჩატარებული 6 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო.

► იურგენ კლოპის გუნდის ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (3-4-3): ბუფონი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კიმპემბე - მონიე, ვერატი, დი მარია, ბერნატი - მბაპე, კავანი, ნეიმარი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე.

ტოტენჰემს რევანში სწყურია 

უგო ლორისმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ტოტენჰემს უბრუნდება

დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში "უემბლიზეა" დაგეგმილი, სადაც ტოტენჰემი მილანის ინტერს უმასპინძლებს. B ჯგუფში ლიდერი ბარსელონაა (10 ქულა), რომელიც სტუმრად პსვ ეინდოჰევენს (1) ეთამაშება. 7 ქულა აქვთ მილანელებს, ლონდონელებს კი 4, რაც იმას ნიშნავს, რომ მაურიციო პოჩეტინოს გუნდისთვის ეს თამაში გადამწყვეტი იქნება ⅛-ფინალში გასასვლელად - აუცილებლად უნდა მოიგონ.

რაც შეეხება ლუჩანო სპალეტის შეგირდებს, რომლებმაც პირველ წრეში ტოტენჰემს შინ ანგარიშით 2:1 მოუგეს, პლეი ოფის საგზურისთვის ლონდონში ფრეც ჰყოფნით.

მაურო იკარდიმ ჯგუფური ეტაპის ოთხი მატჩიდან სამში გაიტანა

► ინტერი და ტოტენჰემი ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და ბალანსი დაცულია - 3-ჯერ ლონდონელებმა მოიგეს, 3-ჯერ - მილანელებმა. უპირატესობა “დეზებს” ბურთებში აქვთ - 17:12. 

► თუ მხოლოდ ლონდონურ მატჩებს გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა ტოტენჰემის მხარესაა - 2-იდან 2 მოგება, ბურთები 6:1.

► უშუალოდ ევროთასებზე გუნდების გზები ორჯერ გადაიკვეთა - 2010/11 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში (3:1 ლონდონში, 4:3 მილანში) და 2012/13 წლების ევროპალგის ⅛-ფინალში (3:0 ლონდონში, 4:1 მილანში).

► ტოტენჰემმა "უემბლიზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 მატჩიდან 5-ში გამარჯვება იზეიმა, 4-ში კი დამარცხდა.

► ლონდონის ტოტენჰემმა ყველა ტურნირის ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატში კი მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

► მილანის ინტერის სტუმრად ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები