Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძე ბაიერნის ტოპ-სიაში
  • პავარი, იოვიჩი, რემსი და მანოლასი ქართველთან ერთად

90min.de-მ გიორგი ჩაკვეტაძე მიუნხენის ბაიერნის სასურველი ფეხბურთელების ტოპ ხუთეულში შეიყვანა.

"ახალი წლიდან მიუნხენის ბაიერნში ახალ ფეხბურთელებს უნდა ველოდოთ. ეს ჯერ კიდევ ნოემბრის შუაში განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა. მან თქვა, რომ ბაიერნში "ახალ სახეს" ვიხილავთ. ქვემოთ იმ ხუთ ფეხბურთელს გთავაზობთ, რომლებიც "რეკორდმაისტერის" სიაში ყველაზე ზემოთ არიან", - წერს გამოცემა.

5. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)

შეძლებს ბაიერნი ჟუპილერლიგის ერთ-ერთი ტოპტალანტის ხელში ჩაგდებას? ჩაკვეტაძეს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ ბაიერნს. ამას ადასტურებს "მარკაც". მიუნხენურმა კლუბმა ჯერ კიდევ 2017 წელს სცადა მისი აყვანა. ესპანური გაზეთის ცნობით, ისევ ბაიერნის სამიზნეშია.

4. კონსტანტინოს მანოლასი (რომა)

სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნი აუცილებლად დაიმატებს ცენტრალურ მცველს. იტალიური "კორიერე დელო სპორტი" ბაიერნს სწორედ მანოლასს უკავშირებს. 27 წლის ფეხბურთელს იტალიის დედაქალაქის დატოვება 36 მილიონ ევროდ შეუძლია.

3. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი)

ბოლო დროს აინტრახტის ვარსკვლავი შესანიშნავად თამაშობს. მის ანგარიშზე 9 გოლი და 4 საგოლე პასია. არც არის გასაკვირი, რომ მისით ბაიერნი დაინტერესდა, ამას ადასტურებს "კიკერიც". არადა, ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

2. აარონ რემსი (არსენალი)

ამ ზაფხულს ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს არსენალს. მაგრამ მარტო ამის გამო არ სურს ნახევარ ევროპას მისი გადაბირება. "ინდეპენდენტი" ამტკიცებს, რომ ბაიერნის 27 წლის უელსელის ხელში ჩასაგდებად კარგი შანსი აქვს.

1. ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი)

მას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უკავშირებდნენ "რეკორდმაისტერს". ერთი პერიოდი ისიც ითქვა, რომ 22 წლის მცველი ბაიერნს უკვე შეუთანხმდა, შემდეგ ეს ინფორმაცია თავად მსოფლიოს ჩემპიონმა უარყო. "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" ინფორმაციით, ფრანგი უკვე შეხვდა ბაიერნის ხელმძღვანელობას მომავალი ტრანსფერის თაობაზე. "შპორტ ბილდი" ამტკიცებს, რომ ბაიერნს პავარი მხოლოდ 35 მილიონი ევრო დაუჯდება, ეს მისი გამოსასყიდი თანხაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები