Thumbnail
  • Global Sports Salaries-მა მთელ მსოფლიოში შეისწავლა ფეხბურთელთა ხელფასები
  • საქართველოს ეროვნული ლიგა ხელფასების სიდიდით მსოფლიოში 50-ე ადგილზეა
  • მოთამაშის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ბარსელონასა და რეალშია

კომპანია Global Sports Salaries-მა მთელ მსოფლიოში შეისწავლა სპორტსმენების ხელფასები და სხვასთან ერთად, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების ფინანსური ანალიზი წარმოადგინა. 

წყაროს ცნობით, საქართველოს ეროვნულ ლიგაში, სადაც ათი გუნდი გამოდის, ფეხბურთელის საშუალო წლიური ანაზღაურება 13 403 ევროა (ათას ევროზე ცოტა მეტი თვეში), რაც მსოფლიოს ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგში 50-ე მაჩვენებელია. შედარებისთვის, საშუალო წლიური ხელფასი უკრაინის პრემიერლიგაში 191 238 ევროა, ყაზახეთში - 127 542 (ლამის ათჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში), ხოლო აზერბაიჯანში - 52 638. 

სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ბოსნია-ჰერცოგოვინის, ლიეტუვას, ლატვიის, ნიგერიის, უელსის, ესტონეთის, მოლდოვასა და სომხეთის პირველობების მოთამაშეები.

ეროვნული ლიგაში საშუალო ხელფასი თვეში ათას ევროზე ცოტა მეტია
ფოტო: erovnuliliga.ge-იდან

მსოფლიოში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ხელფასი ინგლისის პრემიერლიგაშია, სადაც მოთამაშის ანაზღაურება 3 379 520 ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე ესპანური ლა ლიგაა (2 487 194 ევრო), ხოლო მესამეზე - იტალიური სერია A (1 717 470). ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩემპიონატების ზეათეულში შემდეგ მოდიან: გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი, ბრაზილია და კანადა. 

რაც შეეხება კონკრეტულ კლუბებს, Global Sports Salaries-ის ცნობით, ყველაზე მაღალ ხელფასებს მოთამაშეებს ბარსელონა უხდის და ის გამორჩეული არამხოლოდ ფეხბურთში, სპორტის ყველა გუნდურ სახეობაშია. კატალონიურ კლუბში ფეხბურთელის საშუალო გასამრჯელო, ბონუსების გარდა, 13 755 714 აშშ დოლარია.

ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ბარსელონაშია

ამ მხრივ ბარსელონას მხოლოდ მადრიდის რეალის ჩამორჩება - 10 644 272 დოლარი. ამ რეიტინგში მესამე ადგილზე კი NBA-ს კლუბი ოკლაჰომა სიტი თანდერია, სადაც მოთამაშეს საშუალოდ 10 327 383 დოლარს უხდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები