Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნში კრიზისმა პიკს მიაღწია
  • ბილდი კოვაჩისა და ფეხბურთელების დაპირისპირებაზე წერს

დიუსელდორფის ფორტუნასთან ფრემ (3:3), რომლის გამოც ბავარიული გრანდი ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდს უკვე 9 ქულით ჩამორჩება, მიუნხენის ბაიერნის კრიზისი უკიდურესად გაამძაფრა. ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულების დაკარგვის შემდეგ არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რეკორდმაისტერში ყველაფერი არეულია, გუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს კი მალე გაათავისუფლებენ. გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელები სერიოზულად განიხილავენ არსენ ვენგერის კანდიდატურას, რომლის დანიშვნა პრეზიდენტ ული ჰიონესს ჯერ კიდევ 20 წლის წინ სურდა.

ტაბლოიდ “ბილდის” ახალ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გუნდთან ერთ-ერთ ბოლო თათბირზე უკვე თვითონ კოვაჩმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბაიერნის დამრიგებლის პოსტზე დიდი დრო აღარ უწერია. “ბილდის” ინფორმაციით, 47 წლის კოვაჩმა ფეხბურთელებს შეუტია - “ტიპიური გერმანული, მყუდრო-მენტალიტეტი გაქვთო.”

ხორვატს "სადავეები ხელიდან გაექცა"

გარდა ამისა, ბაიერნის მწვრთნელი იმაზე გაბრაზდა, რომ გასახდელში ბევრი ფეხბურთელი ზედმეტს ლაპარაკობს - მოთამაშეები კოვაჩის გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებენ. გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოვაჩმა თვითონვე უთხრა ფეხბურთელებს, რომ “შესაძლოა, მალე ბაიერნის დამრიგებელი აღარ იყოს, მაგრამ მანამდე, სანამ გაათავისუფლებენ, რაღაცის გაკეთება უნდა”. ჩვენი გერმანელი კოლეგები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს ბენფიკასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში სერიოზული საკადრო ცვლილებები იყოს.

ნიკო კოვაჩს ბაიერნის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დიდხანს არ დატოვებენ

ორშაბათს, კოვაჩმა ბენფიკასთან წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ მასსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოება არ არსებობს და რომ ის ბაიერნთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს: “ფეხბურთელებთან არაჩვეულებრივად კარგი ურთიერთობა მაქვს. მოთამაშეებს ვესაუბრე და თამამად ვიტყვი, რომ ყველაფერი ძველებურად კარგადაა,” - განაცხადა კოვაჩმა.

ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გერმანული გაზეთის ფურცლებზე კი, როგორც გითხარით, აბსოლუტურად საპირისპირო რაღაცები წერია...

კომენტარები

ბოლო ამბები