Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • გოლდენ სტეიტმა ორლანდოსთან -18 გააბათილა და ზედიზედ მესამე მოგება იზეიმა
  • ჯეიმს ჰარდენის 57 ქულამ ჰიუსტონ როკეტსს ვაშინგტონ უიზარდსთან ვერ უშველა 

სათამაშო დღის დასკვნით დაპირისპირებაში მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ უორიორსმა შინ ორლანდო მეჯიქი მიიღო და ანგარიშით 116:110 გაიმარჯვა. არადა, მეორე მეოთხედის ბოლოს მასპინძლები 18 ქულას აგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ჩამორჩენის აღმოფხვრა და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს.

ამ ყველაფერს კი ოკლენდელები თავიანთ ლიდერს კევინ დურანტს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც 49 ქულა ჩააგდო (მის ანგარიშზე ასევე 9 პასი და 6 მოხსნაა).

კევინ დურანტი ორლანდო მეჯიქის წინააღმდეგ

კლეი ტომპსონმა 12-იდან 6 სამქულიანი ზუსტად ისროლა, თამაში კი 29 ქულით დაასრულა. მასპინძელთა რიგებში ტრავმების გამო არ უთამაშიათ სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინს. ორლანდოში ორმაგი დუბლი (30 ქულა, 12 მოხსნა) ცენტრმა ნიკოლა ვუჩევიჩმა გაიფორმა. 28 ქულა მიითვალა ტერენს როსმა.

გოლდენ სტეიტისთვის (15-7) ეს ზედიზედ მესამე მოგებაა, რომელიც დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეორეა. ორლანდო, (10-11) რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო, აღმოსავლეთში მერვეა. 

სტეფ კარი თავის გუნდის მატჩებს არ აცდენს

დრამატული გამოდგა ვაშინგტონ უიზარდსისა და ჰიუსტონ როკეტსის დაპირისპირება, რომლის ბედიც ოვერტაიმში გადაწყდა - მასპინძლებმა ანგარიშით 135:131 გაიმარჯვეს. არადა, სტუმრები ერთი ხანობა 17-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ. ჰიუსტონს ჯეიმს ჰარდენის ორმაგმა დუბლმაც ვერ უშველა, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. როკეტსის მცველმა 54 ქულა ჩააგდო და 13 პასი შეასრულა.

ასევე ორმაგი დუბლი იყო კლინტ კაპელას ანგარიშზე (17 ქულა, 14 მოხსნა). 36 ქულა ჩააგდო ერიკ გორდონმა, კრის პოლს კი შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ჰიუსტონის გამთამაშებელს, რომელსაც მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს, უკვე მეორე მატჩი გაუცდა.

 ჯონ უოლმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჰიუსტონთან ჩაატარა

საინტერესოა, რომ ჯეიმს ჰარდენმა კარიერის მეხუთე მატჩში შეძლო 50-ზე მეტი ქულისა და 10-ზე მეტი პასის მოგროვება, რაც NBA-ს ისტორიაში რეკორდულია. გარდა ამისა, ჯეიმსმა ზედიზედ მეხუთე სეზონში მოახერხა მატჩი 50+ ქულის მოპოვება, მეტი მხოლოდ ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის აქტივშია. 

ოღონდ, ეს მატჩი ჰარდენისთვის მხოლოდ წარმატებული არ იყო - მცველმა ბურთი 11-ჯერ დაკარგა, სეზონის მაჩვენებელი კი ამ კომპონენტში 6,0 გაუხდა, რაც მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია. აქამდე ჰარდენისთვის სეზონში ბურთის დაკარგვის ყველაზე უარესი საშუალო მაჩვენებელი 5,7 იყო.

ჯეიმს ჰარდენი ვაშინტონ უიზარდსის წინააღმდეგ

და კიდევ, ჰარდენმა და გორდონმა ჯამში 90 ქულა მოაგროვეს, რაც ჰიუსტონის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდის ორი მოთამაშე მატჩში ამდენ ქულა აგროვებს. მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ჰარდენი საშუალოდ მატჩში 31,5 ქულას, 8,2 პასს და 5,6 მოხსნას ითვლის. გორდონის სტატისტიკა კი 16,1 ქულა, 1,9 პასი და 2,6 მოხსნაა.

გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით ჯონ უოლი (36 ქულა, 11 პასი) და მარკიფ მორისი (22 ქულა, 10 მოხსნა) გამოირჩნენ.

ეს ჰიუსტონისთვის (9-10) ზედიზედ მესამე მარცხია (აქედან ორი ოვერტაიმში დათმო) და გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ვაშინგტონი (8-12), რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში მესამედ მოიგო, აღმოსავლეთში მეცხრეა.

NBA-ს სათამაშო დღის TOP10 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები