Thumbnail
  • ანდრეს ინიესტამ რთული პერიოდი გაიხსენა
  • ბარსას ექს-ვარსკვლავმა დეპრესიის მიზეზი გაამხილა

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ახლა იაპონურ ვისელ კობეში თამაშობს, 9 წლის წინანდელი დეპრესიის შესახებ პირველად ისაუბრა. 34 წლის ინიესტამ ერთ-ერთ ესპანურ ტელევიზიას განუცხადა, რომ 2009 წელს ფსიქოლოგიური მკურნალობა დასჭირდა და მედიკამენტებსაც იღებდა.

ანდრეს ინიესტას დეპრესია 2009 წელს ჰქონდა

“მკურნალობის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ფსიქოლოგთან დათქმულ დროზე 15 წუთით ადრე მივდიოდი,” - განაცხადა ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა La Sexta TV-ს გადაცემა Salvados-ში. მანვე დეპრესიის გამომწვევ მიზეზზეც ისაუბრა - ინიესტას ასეთი მდგომარეობა ესპანიოლის ფეხბურთელისა, დანიელ ხარკეს სიკვდილმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ესპანიოლის კაპიტანი 2009 წლის 8 აგვისტოს, 26 წლის ასაკში, გულის ინფარქტით გარდაიცვალა. 

ინიესტა აცხადებს, რომ 2009 წელი მის ცხოვრებაში ყველაზე რთული და ცუდი იყო - არადა, სწორედ 2009-ში შეასრულა ბარსამ ჰეთ-თრიკი ხოსეპ გვარდიოლას ხელში: “სპეციალურ მედიკამენტებს ვიღებდი, სხვანაირად ვერ ვმშვიდდებოდი,” - აღნიშნა ანდრესმა.

კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა დეპრესიის დროს თვითმკვლელობაზე, ინიესტამ ასე უპასუხა: “ვისაც დეპრესია აქვს, ის თავის თავს აღარ წარმოადგენს. ამ დროს ძალიან იოლად გტკივა გული და ყველაფრის კონტროლი გიჭირს. თვითმკვლელობაზე არ მიფიქრია.”

აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ 2009 წლის 10 ნოემბერს, გერმანიის ნაკრების მეკარე რობერტ ენკემ (მაშინ ჰანოვერში თამაშობდა) თავი მოიკლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ენკე დეპრესიაში იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები