Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინი წლის ჩემპიონია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის პროგრამა მინიმუმი და 59 მოგება 
  • გაგამარუ ელიტას დაუბრუნდა

წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო დასრულებულია - დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სუპერტურნირზე არცთუ ისე კარგად გამოვიდა, თუმცა პროგრამა მინიმუმი შეასრულა - დადებითი ბალანსით დაასრულა ასპარეზობა (8-7). შესაბამისად, მას იანვრის ბაშოზე აღარ აქვს ოძეკის ტიტული დასაცავი და, სულ მცირე, მარტის ჩათვლით, ჩემპიონის რანგში ასპარეზობა გარანტირებული აქვს.

ტოჩინოშინმა 15-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო

წლის ჩემპიონი

ტოჩინოშინმა 8 მოგებით ერთ ტიტულს მაინც გამოკრა ხელი - წლის ექვსივე ბაშოზე მან 59 გამარჯვება დააგროვა, რაც 2018 წელს საუკეთესო შედეგია. ამის გამო ქართველმა სპეციალური თასიც მიიღო ასოციაციის პრეზიდენტისგან. 

ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე 14 ორთაბრძოლით იმპერატორის თასი და კიდევ ორი პრიზი მოიგო. მარტის ბაშოზე მან 10 ორთაბრძოლა მოიგო და ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი მიიღო. ამას მოყვა მაისის ბაშო - 13-2 ბალანსი და ვიცე-ჩემპიონობა (პლუს ორი პრიზი). მაისის ბაშოს შემდეგ ლევან გორგაძეს ოძეკის რანგი მიენიჭა.

წლის მეორე ნახევარი ასეთი წარმატებული ვეღარ გამოდგა - ივლისის ბაშო მან 5-0 ბალანსით დაიწყო, თუმცა შემდეგ იყო ტრავმა და ქართველი ნაგოიას ბაშოს დაემშვიდობა. სექტემბერში ლევანმა 9 მოგება მიითვალა, ახლა კი - 8. 

ბოლო დღეს მას წლის ჩემპიონის პრიზი გადასცეს

ლევან გორგაძემ 59 მოგებით 2018 წელი მოიგო, მას 2 მოგებით ჩამორჩა ოძეკი ტაკაიასუ. 59 მოგება წელიწადში გამარჯვებული სუმოისტისთვის მთლად საოცნებო შედეგი არაა. 1958 წლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა მხოლოდ შარშანდელს აჯობა - ჰაკუჰომ 2017 წელი 56 მოგებით დაასრულა. 

86 კენშო

ბაშოს მიმდინარეობისას თითოეულ ბრძოლაზე სპონსორები აწესებენ საპრიზო ფონდს - კენშოს. თითოეული კენშო 60 ათასი იენის ტოლფასია (1.3 ათასი ლარი). ტოჩინოშინმა ბაშო 86 კენშოთი დაასრულა, რაც დაახლოებით 112 ათასი ლარია (ამ საპრიზო ფონდის ნახევარი კლუბში რჩება). 
კენშოების რაოდენობით ბაშო ოძეკი ტაკაიასუმ მოიგო - 206. იმპერატორის თასის მომგებ ტაკაკეიშოს 119 კენშო დაუგროვდა. 

გაგამარუ დაბრუნდა

გაგამარუ მე-2 დივიზიონს დაუბრუნდა

მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითებულმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კიუშუს ბაშო 5-2 ბალანსით დაასრულა და უკან, ჯურიოს დივიზიონში დაბრუნება გაინაღდა. ქართველი მძიმეწონოსანი ისევ სეკიტორი (ელიტის სუმოისტი) გახდება იანვრის ბაშოზე.

31 წლის გაგამარუ 2009 წლის ნოემბერში ავიდა ჯურიოს დივიზიონში და მას მერე, წინა თვემდე ინარჩუნებდა სეკიტორის რანგს. უდიდესი ნაწილი მან უმაღლეს დივიზიონში გაატარა, ერთი ბაშო მან კომუსუბის რანგშიც კი იჭიდავა და ერთხელ ვიცე-ჩემპიონიც გახდა. 

რა იქნება მომავალში

რამდენიმე დღით სუმოს სამყარაო ისვენებს. 2 დეკემბერს სუმოისტებს ზამთრის ტურნე ეწყებათ - ისინი ქალაქ ნაგასაკიდან იწყებენ და ტურნეს 22-ში იბარაკის პრეფექტურაში დაასრულებენ. 
25 დეკემბერს სუმოს ახალი რეიტინგი (ბანძუკე) გამოქვეყნდება. 13 იანვარს კი 2019 წლის პირველი ბაშო დაიწყება, რომელიც 27 იანვარს დასრულდება. 

ტოჩინოშინს კარიერაში საუკეთესო წელიწადი ჰქონდა

კომენტარები

ბოლო ამბები