Thumbnail
  • გერმანული მედიის ინფორმაციით, ნიკო კოვაჩს პოსტზე დიდხანს არ დატოვებენ
  • “ბილდი” და “კიკერი”: ბაიერნის ბოსები არსენ ვენგერზე ფიქრობენ
  • ზინედინ ზიდანიც კანდიდატია, მაგრამ მას ზაფხულამდე დასვენება სურს

მიუნხენის ბაიერნი დიუსელდორფის ფორტუნასაც ვეღარ უგებს - შაბათის შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია ამ წინადადებას ატრიალებს და რეკორდმაისტერის კრიტიკამ პიკს მიაღწია. ფორტუნასთან 3:3-ის შემდეგ, ბავარიული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ჯერჯერობით პოსტზე რჩებაო. მართალია, ულიმ იქვე დასძინა, რომ ნიკოს გათავისუფლებაზე არ ფიქრობს, რომ მაგრამ ეს აღარავის ახსოვდა - სიტყვამ “ჯერჯერობით” ყველაფერი გადაწონა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან იმაში, რომ კოვაჩის დღეები ბაიერნის დამრიგებლის პოსტზე დათვლილია. მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება, ფავორიტები კი არსენ ვენგერი და 46 წლის ზინედინ ზიდანი არიან.

ული ჰიონესს ბაიერნში არსენ ვენგერის დანიშვნა ჯერ კიდევ 20 წლის წინ უნდოდა

ვენგერის შესახებ გაზეთი “ბილდი” წერს. გერმანულ ტაბლოიდში ვკითხულობთ, რომ “ზებენერშტრასეზე” 69 წლის ფრანგზე უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ. სოლიდური გერმანული სპორტული გამოცემა “კიკერიც” წერს, რომ ლონდონის არსენალის ყოფილი მწვრთნელი ბაიერნის ბოსების ერთ-ერთი ვარიანტია. თუმცა “კიკერში” იმასაც ვკითხულობთ, რომ ჰიონესი და რუმენიგე ზინედინ ზიდანზეც სერიოზულად ფიქრობენ.

“ბილდი” წერს, რომ ფორტუნასთან 3:3-ის შემდეგ, გასახდელში რამდენიმე ფეხბურთელმა კოვაჩის წინააღმდეგ გაილაშქრა. მათ მწვრთნელი იმ დროს გალანძღეს, როცა ეს უკანასკნელი იქ არ იმყოფებოდა. ჰიონესი ამბობს, რომ მწვრთნელის საკითხს ფეხბურთელები არ წყვეტენ, თუმცა მათ აზრს შეფები აუცილებლად მოისმენენ.

ზინედინ ზიდანს ნათქვამი აქვს, რომ ზაფხულამდე დასვენება უნდა

ცნობილია, რომ ჰიონესს არსენ ვენგერის ბაიერნში მიყვანა ჯერ კიდევ 20 წლის წინათ სურდა. ფრანგი რეკორდმაისტერის თითქმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს - მათ შორის, ბაიერნის შეფების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნასაც, რომლის მიხედვითაც, მიუნხენური გრანდის დამრიგებელმა გერმანული ენა უნდა იცოდეს.

თვითონ ვენგერს ნათქვამი აქვს, რომ მუშაობის დაწყება იანვრიდან სურს. ცოტა ხნის წინ ფრანგმა მილანს უთხრა უარი და მაშინაც დაიწერა, რომ არსენი სწორედ ბაიერნის წინადადებას ელოდება.

რაც შეეხება ზიდანს - ვენგერზე გაცილებით ახალგაზრდა ფრანგის ვარიანტი უფრო არარეალურია, რადგან ზიზუს ნათქვამი აქვს, რომ ზაფხულამდე დასვენება უნდა. თუმცა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები მწვრთნელი უმუშევარია, ცხადია, მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერი უნდა გააკეთო.

სამშაბათს, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაში ბენფიკას ხვდება და ფაქტია, რომ ამ მატჩში რეკორდმაისტერის მწვრთნელი კვლავ ნიკო კოვაჩი იქნება.

ნიკო კოვაჩის დღეები ბაიერნის დამრიგებლის პოსტზე დათვლილია

კომენტარები

ბოლო ამბები