Thumbnail

'ჯერჯერობით კოვაჩის გაშვების საკითხი არ დგას. ჯერჯერობით' - რა ხდება ბაიერნში

  • მიუხნენის ბაიერნმა ბუნდესლიგაში თავისი ანტირეკორდი გაიმეორა
  • ფორტუნასთან ფრემ ნიკო კოვაჩი ისე გაბრაზა, მეტი რომ არ შეიძლება 
  • თომას მიულერის თქმით, გუნდმა ტრიბუნებიდან სტვენა დაიმსახურა
  • ჰიონესისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ პრეზიდენტი არ ჩქარობს 

მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგის მე-12 ტურის საშინაო მატჩი ფორტუნასთან ფრედ (3:3) ითამაშა. მასპინძლებს 77-ე წუთამდე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს და შედეგად, "ალიანც არენაზე" მიუნხენელთა მოუგებელი სერია ჩემპიონატში 4 მატჩამდე გაგრძელდა, რაც 1966 და 1994 წლებში დამყარებული ანტირეკორდების გამეორებაა.

ბუნებრივია, მატჩის შემდეგ ბაიერნის თავკაცი ნიკო კოვაჩი განრისხებული იყო:

"საქმე გასახარად არ გვაქვს. დაცვაში ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით. ბუნდესლიგის მატჩში კარის უსაფრთხოებაზე ასე ზრუნვა არ შეიძლება. მსოფლიოს ვერცერთი მწვრთნელი მოახერხებს ფეხბურთელების ასეთი ინდივიდუალური შეცდომების თავიდან არიდებას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა დღეში ვიქნები. არ ვიცი, შეიძლება თუ არა იმაზე მეტად იყოს ადამიანი განრისხებული, ვიდრე ახლა მე ვარ".

კოვაჩმა ბუნდესლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო

ბაიერნმა 12 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს, ლიდერ დორტუნდს კი 9 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 1-ელ დეკემბერს, ბავარიელები სტუმრად ვერდერს ეთამაშებიან, მანამდე კი, 27 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბენფიკას უმასპინძლებენ.   

ფორტუნასთან თამაშით იმედგაცრუებული დარჩა ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესიც, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნიკო კოვაჩის გაშვება არ იგეგმება:

"ბენფიკასთან მატჩში მწვრთნელი კოვაჩი იქნება. სიტუაციის ანალიზს ამის შემდეგ გავაკეთებთ. ამ დროისთვის კი კოვაჩის გათავისუფლების საკითხი არ დგას. ოღონდ, ამ დროისთვის. მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, უბრალოდ მიუღებელია".

მიულერის დუბლმა ბაიერნს ფორტუნასთან ვერ მოაგებინა

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა თომას მიულერმა, რომელმაც ფორტუნასთან დუბლი შეასრულა, თამაშის შემდეგ თქვა:

"შინ მოგებას უკვე მეოთხე მატჩია ვერ ვახერხებთ და თავად ვართ დამნაშავე იმაში, რომ ტრიბუნებიდან გვისტვენდნენ. გულშემატკივრების კარგად გვესმის. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ თამაში ფრედ დასრულდებოდა. მაგრამ, როდესაც ფორტუნასგან სამ გოლს უშვებ, კითხვები პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვა. ასეთი წაგების შემდეგ, არ გვაქვს უფლება ჩემპიონატის მოგებაზე ვილაპარაკოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები