Thumbnail

რეალი ეიბარში შერცხვა! პრობლემა მხოლოდ ლოპეტეგი არ ყოფილა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალის პირველი მარცხი სანტიაგო სოლარის ხელში
  • ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდული გრანდი ეიბართან 0:3 განადგურდა

ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩის მოგების შემდეგ (ლა ლიგაში მხოლოდ ორის), მადრიდის რეალმა ისევ შეურაცხმყოფელი მარცხი იწვნია. ეიბართან 0:3-ით დადასტურდა, რომ “სამეფო გუნდში” პრობლემა მხოლოდ ხულიენ ლოპეტეგი არ იყო. ეს არის პირველი წაგება მას მერე, რაც რეალს სანტიაგო სოლარი წვრთნის.

ეიბარი 3:0 რეალი

გოლები: 1:0 ესკალანტე (16), 2:0 ენრიკი (52), 3:0 კიკე გარსია (57)

ეიბარი (4-4-2): რიესგო - რუბენ პენია, პაულო ოლივეირა, რამისი, კოტე - ორელანა, ჯორდანი, ესკალანტე, კუკურელია - კიკე გარსია, ენრიკი (74. შარლესი).

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოსოლა (54. კარვახალი), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (63. ისკო), დანი სებალიოსი, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო (74. ვინისიუსი).

ბასკები ძალიან მალე, მე-16 წუთზე დაწინაურდნენ - ანგარიში გონსალო ესკალანტემ გახსნა. მეორე ტაიმში რეალის კარი ენრიკმა და კიკე გარსიამაც დალაშქრეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს გაუმართლა, უაღრესად მოტივირებულ ეიბართან უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურად იგებდნენ, მასპინძლებს უკან თამაშის ბოლომდე არ დაუხევიათ.

ამრიგად, რეალს ლა ლიგაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 ვერ მოიგო, რაც ამ გუნდისთვის კატასტროფული შედეგია. სოლარის გუნდს მხოლოდ 20 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები