Thumbnail

'საქართველოს ნაკრებში თამაში მწვერვალია' - ინტერვიუ თორნიკე კაპანაძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მიმდინარე სეზონში თორნიკე კაპანაძის აქტივში 21 გოლია
  • აქედან 14 ეროვნულ ლიგაში, 4 საქართველოს თასზე და 3 ევროტურნირებზე

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად ასპარეზობს ქუთაისის ტორპედოს თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე. 26 წლის ფორვარდს ჯამში 21 გოლი აქვს გატანილი: 14 ეროვნულ ლიგაში, 4 საქართველოს თასზე და 3 ევროტურნირებზე. ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობენ, რომ კაპანაძე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თორნიკემ საჩხერის ჩიხურას ულამაზესი გოლი გაუტანა. ქვემოთ, ტორპედოს ფორვარდის ინტერვიუს გაეცნობით...

popsport: პირველ რიგში, საქართველოს თასის ფინალზე ვთქვათ. როგორ ემზადებით და რა მოლოდინი გაქვთ?

კაპანაძე: დიდი სურვილი გვაქვს, რომ ფინალი მოვიგოთ და საქართველოს თასი ქუთაისში დავაბრუნოთ. მოსამზადებელ პერიოდს ბათუმში გავდივართ და ვემზადებით უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის. ჩვენი მეტოქე გაგრაა, რომელიც ფინალში შემთხვევით არ გასულა. მეტოქემ რთული გზა გაიარა და ფინალშიც ბოლომდე იბრძოლებს. ტიტულის მოსაგებად და გულშემატკივართა გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. 

popsport: როგორ შეაფასებ ტორპედოს ასპარეზობას ეროვნულ ლიგაში?

კაპანაძე: სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, ბევრი ქულა დავკარგეთ და სამწუხაროდ, ჩემპიონობისთვის ვეღარ ვიბრძვით. აქედან გამომდინარე, მიზნად საუკეთესო სამეულში მოხვედრა და საქართველოს თასის მოგება დავისახეთ. ჩიხურასთან გამარჯვებით სამეულში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადავდგით, მომდევნო შეხვედრა კი თასის ფინალია, რომლის მოსაგებადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

თორნიკე კაპანაძის ეფექტური გოლები

თორნიკე კაპანაძის მაკრატელები

ელვისებური ⚡ ეს არც პირველი იყო და არც - უკანასკნელი! 💪

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018

popsport: ტორპედო ოპტიმალურ ფორმაში შევიდა. ზაფხულში რომ ასეთ ფორმაში ყოფილიყო გუნდი, ევროთასებზე ალბათ უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა...

კაპანაძე: დღეს ბევრად ძლიერი გუნდი გვყავს, უფრო შეთამაშებული, მაშინ კი სწორედ შეთამაშების პრობლემა გვქონდა. მიუხედავად ამისა, ევროთასებზე მაინც წარმატებით ვითამაშეთ, რადგან ბევრს არ ეგონა, რომ ევროპალიგის პლეი ოფში გავიდოდით. მთავარია გუნდმა ზრდა განაგრძოს და შედეგები წლიდან წლამდე გაუმჯობესდება.

popsport: ჩიხურას კარში გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, შენს მიმართ ინტერესი გაიზარდა, თუმცა იქამდეც ხშირად ისმოდა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებ... 

კაპანაძე: ეროვნული ნაკრები ყველა ფეხბურთელისთვის მწვერვალია და გამონაკლისი არც მე ვარ. ვცდილობ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი გავაკეთო და ტორპედოს წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. თუ ერთ დღესაც ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

popsport: თუ უყურე ნაკრების თამაშებს ერთა ლიგაზე და როგორი შთაბეჭდილება მოახდინა გუნდმა?

კაპანაძე: არ აქვს მნიშვნელობა, ეროვნული გუნდის წევრი ხარ თუ არა. საქართველოს ნაკრებს ყველა ვგულშემატკივრობთ და ცხადია, ყველა მატჩს ვუყურე. კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ნაკრებმა გამართული ფეხბურთი ითამაშა და შედეგად, პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ძალიან მინდა, რომ დარჩენილი ორი თამაში მოვიგოთ და ოცნება ავისულოთ.

თორნიკე კაპანაძე გოლის შემდეგ
ფოტოები: ტორპედოს FB გვერდიდან

popsport: ტორპედოს 18 მატჩია არ წაუგია. რამ განაპირობა ასეთი პროგრესი?

კაპანაძე: თუ გუნდი ერთ მუშტად არაა შეკრული, ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ დადებ. გუნდში ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ეს უფრო გვაძლიერებს. გუნდში რომ ჯანსაღი ატმოსფეროა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს.

popsport: როდის გეწურება ტორპედოსთან კონტრაქტის ვადა და ფიქრობ თუ არა კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე?

კაპანაძე: ტორპედოსთან ხელშეკრულების ვადა სეზონის დასრულებისთანავე მეწურება. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დღეს კი მხოლოდ თასის ფინალზე ვფიქრობ.

კომენტარები

ბოლო ამბები