Thumbnail
  • ფორმულა 1-ის ყოფილმა შეფმა შუმახერი და ფეტელი ერთმანეთს შეადარა
  • ბერნი ეკლსტოუნს მიაჩნია, რომ წელს საუკეთესო ბოლიდი ფერარის ჰყავდა

ფორმულა 1-ის ყოფილმა შეფმა, ბერნი ეკლსტოუნმა სებასტიან ფეტელი და რეკორდსმენი მიხაელ შუმახერი ერთმანეთს შეადარა. შეგახსენებთ, რომ შუმიმ მსოფლიოს შვიდი ჩემპიონობიდან ხუთი სწორედ ფერარის ბოლიდით მოიგო.

“მიხაელ შუმახერმა თავის დროზე მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ფერარი კრიზისიდან გამოიყვანა. ის ლიდერი იყო. სებასტიან ფეტელი კი ასეთი არ არის,” - განაცხადა 88 წლის ეკლსტოუნმა “გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

სებასტიან ფეტელი და ბერნი ეკლსტოუნი

ბერნის მიაჩნია, რომ ფეტელი ფერარიში თავს კარგად არ გრძნობს და სწორედ ეს არის იმ პრობლემების მთავარი მიზეზი, რაც სებას 2018 წლის სეზონში შეექმნა. “ფეტელი რედ ბულში მიჩვეული იყო იმას, რომ უყვარდათ. ვფიქრობ, ფერარიში ასე არ არის - სება არ უყვართ. რედ ბულში ყოფნისას, ფეტელი ყველას ელაპარაკებოდა და მასაც ყველა ელაპარაკებოდა. ფერარიში კი ასე არ არის და სებამაც კონცენტრაცია დაკარგა.” - აღნიშნა ფორმულა 1-ის ყოფილმა ბოსმა.

ბერნის აზრით, რომ არა ივლისში ფერარის ყოფილი პრეზიდენტის, ლეგენდარული სერჯო მარკიონეს გარდაცვალება, იტალიური გუნდი ლიდერობას შეინარჩუნებდა და მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებდა. “მარკიონე ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც ყველგან და ყოველთვის პატივს სცემდნენ. ის გუნდს თავდაჯერებას მატებდა,” - ამბობს ეკლსტოუნი.

ბერნი დარწმუნებული იყო, რომ წელს ტიტულს ფერარი მოიგებდა და ვერ ხვდება, რატომ დაკარგეს იტალიელებმა ყველაფერი: “შეცდომები ფეტელმაც დაუშვა და გუნდმაც. არადა, ფერარის მართლაც საუკეთესო ბოლიდი ჰყავდა,” - მიაჩნია ბერნის.

კომენტარები

ბოლო ამბები