Thumbnail

სერხიო რამოსი დოპინგ-სკანდალში - რეალის კაპიტანმა წესები არაერთხელ დაარღვია?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • Football Leaks-ის ახალი მხილების მსხვერპლი სერხიო რამოსია
  • დაარღვია თუ არა რეალის კაპიტანმა ანტი-დოპინგის წესები რამდენჯერმე

მადრიდის რეალი ოფიციალურად გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა აპრილში, მალაგასთან მატჩში (2:1) ანტი-დოპინგის წესები დაარღვია. “სამეფო გუნდის” განცხადებაში ნათქვამია, რომ რამოსს ეს წესები არასდროს დაურღვევია.

მანამდე, გერმანული გამოცემა “შპიგელი” ისევ და ისევ Football Leaks-ზე დაყრდნობით წერდა, რომ მალაგასთან მატჩის შემდეგ, მიუხედავად კონტროლიორის მრავალგზის გაფრთხილებისა, რამოსი ტესტის ჩაბარებამდე ჯერ შხაპის მისაღებად შევიდა, რაც ანტი-დოპინგ-რეგლამენტით აკრძალულია. მადრიდელები ირწმუნებიან, რომ ეს ამბავი უეფამ შეამოწმა და რამოსი უდანაშაულოდ სცნო.

“უეფამ დროულად მოითხოვა ყველა შესაბამისი დოკუმენტი. ექსპერტებმა ყველაფერი გადაამოწმეს,” - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

დოპინგის ესპანურ სააგენტოში AEPSAD “შპიგელს” ასეთი პასუხი გასცეს: “ვერ ვიპოვეთ ვერანაირი სამხილი იმისა, რომ ხსენებული მატჩის შემდეგ წესები დაირღვა.”

“შპიგელი” იმასაც წერდა, რომ სერხიო რამოსს ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალის (იუვენტუსთან) შემდეგაც პრობლემები შეექმნა - მის ორგანიზმში დექსამეტაზონი აღმოჩნდა. რეგლამენტის მიხედვით, მისი მიღება მხოლოდ შეჯიბრის წინ, გარკვეული დროით ადრე არის დაშვებული, ოღონდ, ეს უნდა აისახოს შესაბამის დოკუმენტაციაში, შესაბამისი განმარტებით. როგორც ჩანს, რამოსის შემთხვევაში ეს დოკუმენტი არ არსებობს. დექსამეტაზონის მიღება შეჯიბრის დროს აკრძალულია.

მაშინ პასუხისმგებლობა რეალის ექიმმა აიღო, რომელმაც თქვა, რომ რამოსს ორი შპრიცი დექსამეტაზონი თამაშის წინა დღეს გაუკეთა, სადოპინგე პროტოკოლში კი ბეტამეტაზონი ჩაწერა. მისი თქმით, კანონის დარღვევა არ სურდა, უბრალოდ, ინფორმაციის შეყვანის დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა.

“შპიგელის” ინფორმაციით, უეფამ ექიმის ეს ახსნა-განმარტება მიიღო, საბუთებში ჩაიწერა, რომ ექიმის შეცდომა რეალურია და რამოსის საქმეც დაიხურა.

კომენტარები

ბოლო ამბები