Thumbnail
  • ⚽ მაინცი V დორტმუნდი 📅 შაბათი ⌚ 18:30
  • ლუსიენ ფავრმა შვებით ამოისუნთქა: მარკო როისი ითამაშებს

სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 11 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის პირველ (დორტმუნდის) და მეორე (მიონხენგლადბახის) ადგილებზე ბორუსიები იქნებიან, ხოლო მიუნხენის ბაიერნს კი საუკეთესო ოთხეულშიც კი ვერ ნახავთო, მინიმუმ დასცინებდნენ.

მაინცი მარკო როისისთვის საყვარელი მეტოქეა

თვით გერმანული ფეხბურთის მოყვარულებსაც კი ბუნდოვნად ახსოვთ ის დრო, როცა ბავარიული გრანდი უკანასკნელად იყო კრიზისში. გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურის წინ რეკორდმაისტერი ლიდერ ბორუსიას 7 ქულით ჩამორჩება (შაბათს ბაიერნი აუტსაიდერ ფორტუნას მასპინძლობს).

დორტმუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუსიემ ფავრმა შვებით ამოისუნთქა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ მარკო როისის ტრავმა, რომელიც მან ჰოლანდიასთან მატჩში (2:2) მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა - კაპიტანი მაინცში ითამაშებს. 

ამ შეხვედრაში BVB-ს მიზანი, რა თქმა უნდა, 3 ქულაა, მაგრამ არც ფრე ჩაითვლება ცუდ შედეგად - მთავარია, დორტმუნდმა წაგებათა გრაფაში საამაყო ნული შეინარჩუნოს და ბუნდესლიგაში ერთდერთ წაუგებელ გუნდად დარჩეს. ცხადია, მაინცელები მოსაგებად იბრძოლებენ - შარშან, მაინცმა ბორუსიას დორტმუნდში 2:1 მოუგო.

სავარაუდო შემადგენლობები

მაინცი (4-1-2-1-2): ცენტნერი - ბროზინსკი, ბელი, ნიახატე, აარონი - კუნდე - გბამინი, ლატცა - ბოეტიუსი - მატეტა, ქუაისონი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი - დილეინი, ვიტსელი - სანჩო, როისი, ბრუუნ ლარსენი - პაკო ალკასერი.

საინტერესო ფაქტები

► მაინცის თამაშებში ამ სეზონში მხოლოდ 22 გოლი გავიდა, რაც ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტაა.

► დორტმუნდის თამაშებში ამ სეზონში 45 გოლი გავიდა, რაც ბუნდესლიგაში ყველაზე მეტია. 

► მარკო როისს მაინცთან 15 დუელში 11 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე 11 გოლი აქვს გატანილი ბრემენის ვერდერის კარშიც. ამრიგად, ვერდერი და მაინცი როისის საყვარელი მეტოქეებია.

► თავის მხრივ, მაინცს როისზე მეტი გოლი მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაუტანა - პოლონელს მაინცელთა კარის ბადე 13-ჯერ აქვს შერხეული.

► მაინცმა ამ სეზონში შინ მხოლოდ ერთი თამაში წააგო და ისიც მოქმედ ჩემპიონ ბაიერნთან (3 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი). ორივე ფრე უგოლო იყო.

► დორტმუნდმა ამ სეზონის 17 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 2-ში ვერ შეძლო გოლის გატანა და ბორუსიას მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა უგოლო ფრე (ჰანოვერთან). 

► ბორუსიას ბუნდესლიგის საშუალოდ ერთ მატჩში 3 გოლი გააქვს, მაგრამ მხოლოდ ბუნდესლიგის 4 მატჩში შეინახა კარი მშრალად.

კომენტარები

ბოლო ამბები