Thumbnail
  • Tuttosport-მა ჯილდოს ნომინანტთა სავარაუდო ფინალური სამეული დაასახელა 
  • ნომინანტებში არც იუვენტუსის თავდამსხმელია და არც ბარსელონას ლიდერი

ბოლო ათი წლის შემდეგ პირველად, France Football-ის "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ფინალურ სამეულში არც ტურინის იუვენტუსის თადამსხმელი კრიშტიანო რონალდო იქნება და არც ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი. ასეთ ვარაუდს Tuttosport გამოთქვამს, რომლის ცნობით, ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდოს სარეკორდო რაოდენობის (5-5) მფლობელები წელს ტიტულის გარეშე დარჩებიან. 

გამოცემის ცნობით, "ოქროს ბურთს" სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს: პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელ კილიან მბაპეს, მადრიდის რეალის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ან ამავე გუნდის მცველ რაფაელ ვარანს მიაკუთვნებენ.

33 წლის ხორვატი ფიფამ და უეფამ წლის ფეხბურთელად უკვე დაასახელეს 

გასულ ზაფხულს გამართულ მსოფლიოს ჩემპოიონატზე კილიან მმაპემ და რაფაელ ვარანმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვეს. მათ ფინალში სწორედ ლუკა მოდრიჩის ხორვატიას მოუგეს. მანამდე მოდრიჩი და ვარანი რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.

ვარანმა და მბაპემ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად წელს მუნდიალი მოიგეს

თუ გამოცემის ვარაუდი გამართლდა, "ოქროს ბურთს" ახალი მფლობელი, 2008 წლის შემდეგ პირველად ეყოლება. ბოლო ათი წლის განმავლობაში France Football-ის ჯილდოს მხოლოდ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი იღებდნენ.

"ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად მაინც ხორვატი ჰავბეკი მიიჩნევა. ლუკა მოდრიჩი ჯერ 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, შემდეგ კი წლის ფეხბურთელად უეფამ და ფიფამ აღიარეს.

France Football-ის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალი 3 დეკემბერს გაიმართება.

ფრანგულმა გამოცემამ ჯილდო 1956 წელს დააწესა და მისი პირველი მფლობელი ინგლისელი ფეხბურთელი სტენლი მეთიუზი გახდა.

წელს პირველად, France Football "ოქროს ბურთს" საუკეთესო ქალ ფეხბურთელსაც გადასცემს, ასევე დააჯილდოებს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.

კომენტარები

ბოლო ამბები