Thumbnail

დიდი დაბრუნება საზარელი ავარიის შემდეგ - რობერტ კუბიცა ისევ ფორმულა 1-ში!

  • რობერტ კუბიცას სასტიკი ავარიის შემდეგ თითქმის 8 წელი გავიდა
  • 33 პოლონელი ფორმულა 1-ში ბრუნდება და სტარტ-პილოტი იქნება

ეს ამბავი ფორმულა 1-ის მომავალ სეზონს ძალიან საინტერესოს გახდის! თითქმის 8-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რობერტ კუბიცა დიდ ავტოსპორტს უბრუნდება.

33 წლის პოლონელი 2019 წლის სეზონში უილიამსის სასტარტო პილოტი და ახალგაზრდა ჯორჯ რასელის თანაგუნდელი იქნება. ეს ინფორმაცია გუნდმა ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში კუბიცა უილიამსის სათადარიგო პილოტი იყო.

“ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე ძალიან ხნის მანძილზე ვოცნებობდი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დამეხმარა. ფორმულა 1-ში დაბრუნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა!”

2008 წელს კუბიცამ ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა - მას მომავალ ჩემპიონს უწოდებდნენ. 2011 წელს პოლონელმა რალიში უმძიმესი ავარია გადაიტანა - რობერტმა ხელი კინაღამ დაკარგა. რობერტი მარჯვენა ხელს დღემდე ვერ ამოძრავებს ისე, როგორც ავარიამდე.

მიუხედავად ყველაფრისა, კუბიცამ, რომელმაც 2008 წელს კანადის გრანპრი მოიგო, ბოლომდე იბრძოლა და, როგორც ხედავთ, დაბრუნდა. ფორმულა 1-ის ბოლო რბოლა, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, 2010 წლის აბუ დაბის გრანპრია.

კომენტარები

ბოლო ამბები