Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ევროტურნირებში მორიგი მატჩები გამართეს
  • გიორგი შერმადინის ლიდერობით, უნიკახამ საკუთარ მოედანზე მორნარ ბარი გაანადგურა
  • თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის ბასკონია მილანში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურში სტუმრად მილანში არმანისთან დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით წააგო. სტუმრები მატჩის განმავლობაში ძირითადად მდევრის როლში კი იყვნენ, თუმცა სოლიდური ჩამორჩენა არ ჰქონიათ.

თორნიკე შენგელიამ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 27:50 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბასკონიას კაპიტანმა 8-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, მისი ექვსივე საჯარიმო ტყორცნა კი არაზუსტი იყო.

შენგელიას ეფექტური თამაში ბასკონიას მოსაგებად არ ეყო

სტუმრებს მეტ ჯენინგმა ულიდერა - საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელის ანგარიშზე, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან ითამაშა, 28:53 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. ჯენინგმა სამივე ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 8-იდან 4-ჯერ ზუსტად ისროლა.

მატჩის ჰაილაითები

საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გუნდს ევროლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბასკონია 23 ნოემბერს, შინ პანათინაიკოსთან ჩაატარებს.

გაცილებით წარმატებული დღე ჰქონდა საქართველოს ნაკრების ცენტრს გიორგი შერმადინს, რომლის უნიკახამ ევროთასის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩში მორნარ ბარი მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 113:76 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს შანსი არც შემდეგ დაუტოვეს.

ქართველი კალათბურთი დანქი ევრობასკეტმაც გამოარჩია

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 14:24 წუთში მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო - 19, რასაც 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიუმატა. გიორგიმ 10-იდან 8 ორქულიანი ჩააგდო და 6-იდან 3 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24 იყო, რითაც მხოლოდ თანაგუნდელ სასუ სალინს ჩამორჩა (25), რომელიც მატჩის MVP-ადაც დასახელდა.

მატჩის ჰაილაითები

უნიკახა, რომელსაც ევროთასზე გამართულ 8 მატჩში 7 მოგება აქვს, D ჯგუფში ლიდერია და პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს. შერმადინის გუნდი ევროთასზე მომდევნო შეხვედრას 12 დეკემბერს, სტუმრად ყაზანის უნიქსთან ჩაატარებს, ჯგუფურ ეტაპს კი ტორინოსთან საშინაო დაპირისპირებით დაასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები