Thumbnail
  • ჰიუსტონმა ზაზა ფაჩულიას დეტროიტს 126:124 მოუგო
  • 43 ქულით საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო
  • ბრწყინვალედ ითამაშა ბლეიკ გრიფინმაც
  • ქართველმა ცენტრმა 7 წუთში 6 ქულა დააგროვა

ტორონტოსთან და კლივლენდთან ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, დეტროიტ პისტონსი შესანიშნავ ფორმაში მყოფ ჰიუსტონ როკეტსთან 124:126 დამარცხდა. როგორც ანგარიშიდანაც ხედავთ, ზაზა ფაჩულიას გუნდმა ჯეიმს ჰარდენს და კომპანიას უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია. ბოლო მეოთხედი დეტროიტმა 41:33 მოიგო, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა.

ჯეიმს ჰარდენი და ზაზა ფაჩულია

ჰიუსტონის გამარჯვება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჰარდენის დამსახურებაა - მან 43 ქულა დააგროვა (პლუს 9 მოხსნა და 7 პასი). გარდა ჰარდენისა, როკეტსს ამ შეხვედრის მოსაგებად დიდად წაადგა კლინტ კაპელას კარგი თამაშიც, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (27 ქულა, 15 მოხსნა).

ჰარდენს და კაპელას დეტროიტიდან ყველაზე მეტ წინააღმდეგობას ბლეიკ გრიფინი (37 ქულა, 11 მოხსნა) და ანდრე დრამონდი (20 ქულა, 11 მოხსნა) უწევდნენ. გრიფინმა საერთოდ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: დეტროიტის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 7 წუთი გაატარა და ამ დროში 6 ქულა და 2 მოხსნა (ორივე შეტევაში) დააგროვა. ზაზამ ოთხი მცდელობიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. ფაჩულიამ ბურთი ერთხელ დაკარგა.

დეტროიტი აღმოსავლეტ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, რაც პისტონსისთვის ძალიან კარგი შედეგია - გუნდის მიზანი კონფერენციის 8 საუკეთესოში მოხვედრა და პლეი ოფში გასვლაა. რაც შეეხება ჰიუსტონს: სეზონის საშინლად დაწყების შემდეგ, როკეტსი ფორმაში შევიდა, ბოლოს ზედიზედ 5 მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა. ფაჩულია და დეტროიტი მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს, ისევ ჰიუსტონთან ჩაატარებენ - ოღონდ, ჰარდენს და კომპანიას ამჯერად საკუთარ დარბაზში დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები