Thumbnail

რამდენიმე თვის წინ იტალიური ენის ლექსიკონში ახალი სიტყვა Sarrismo შეიტანეს. Sarrismo მაურიციო სარის სტილში ფეხბურთის თამაშს ნიშნავს. წელს სარი უკვე პრემიერლიგაში მუშაობს და ტერმინი Sarriball ინგლისშიც დამკვიდრდა. ჩელსი სეზონის მთავარი აღმოჩენაა, ლონდონელები ამ სეზონში ჯერ კიდევ წაუგებლები არიან და, რაც მთავარია, თამაშობენ ძალიან სანახაობრივ და ეფექტურ ფეხბურთს ანუ იმ ფეხბურთს, რომელიც მაურიციო სარის გუნდებს ჩვევიათ.

სეზონის აღმოჩენა

გასულ სეზონში ჩელსი საჩემპიონთალიგო ოთხეულს მიღმა დარჩა. ეს ბოლო სამ სეზონში მეორეჯერ მოხდა. ჩელსი, სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, ევროპის უმდიდრესი კლუბი, წლიდან წლამდე უფრო და უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავს სატრანსფერო ბაზარზე.

ბოლო 5 სეზონის მონაცემებით ჩელსიმ 164 მილიონით მეტი დახარჯა ტრანსფერებზე, ვიდრე ფეხბურთელების გაყიდვით მიიღო. ერთი შეხედვით, ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა მარტივი მათემატიკა გვეუბნება, რომ საშუალოდ ერთ სეზონში ჩელსი დამატებით, ტრანსფერებიდან შემოსული თანხების გარდა, დაახლოებით 33 მილიონის ინვესტიციას ახდენს. პრემიერლიგის გრანდისთვის კი ეს ძალიან ცოტაა.

ერთ სატრანსფერო წელს დახარჯული თანხის რაოდენობა

სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ ერთ სატრანსფერო ფანჯარაში ჩელსი დაახლოებით 4-5-ჯერ ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე მანჩესტერული კლუბები და უფრო ნაკლებს, ვიდრე ლივერპული.

აბრამოვიჩს სულ უფრო და უფრო უჭირს კლუბის დაფინანსება. ჩელსი ბრიტანეთს გარეთ არ არის იმდენად პოპულარული კლუბი, რომ ბრენდის ცნობადობის ხარჯზე რეალ მადრიდივით ან მანჩესტერ იუნაიტედივით დიდი ფული იშოვოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შორს აღარ არის ის დრო, როდესაც აბრამოვიჩი თავის გუნდს გაყიდის. მით უმეტეს, რომ ჩელსის ყიდვით რამდენიმე ამერიკელი მილიარდელია დაინტერესებული.

რა კავშირშია ეს სარისთან? აბრამოვიჩს სურდა, რომ გუნდში მიეყვანა ისეთი მწვრთნელი, რომელსაც შედეგის დადება მცირე ბიუჯეტის პირობებშიც შეეძლო. სწორედ ასეთი იყო მაურიციო სარი, რომელმაც ნაპოლისთან ერთად, მოკრძალებული ბიუჯეტის მიუხედავად, ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. სარის ნაპოლის ბოლო სეზონებში იტალიის ჩემპიონობა მხოლოდ იუვენტუსმა არ დაანება. გასულ წელს კი ნაპოლი საერთოდაც 91 ქულით გავიდა მეორე ადგილზე. ჩვეულებრივ, 91 ქულა საკმარისია ხოლმე ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

სარიმ სეზონის სტარტზე კლუბის ხელმძღვანელობის მოლოდინი სრულად გაამართლა. სპეციალისტები ერთხმად ვარაუდობდნენ, რომ ჩელსის წელს ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებოდა, ამის მიუხედავად სარის გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, დაუმარცხებელია და 12 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა, სულ რამდენიმე ქულით უკან, ვიდრე ლიდერი - მანჩესტერ სიტი.

ჩელსის შედეგები ამ სეზონში

სარი სრულად აკმაყოფილებს აბრამოვიჩის მეორე მოთხოვნასაც. ალბათ პირველად აბრამოვიჩის ეპოქაში ჩელსი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ახალი ჩელსის საფეხბურთო სტილი და იდენტობა ჟოზე მოურინიომ შექმნა. ამის შემდეგ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერცერთმა მწვრთნელმა ჩელსის სათამაშო სტილი დიამეტრულად ვერ შეცვალა. ჩელსიმ ანტონიო კონტესთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა, თუმცა გულშემატკივრების სიმპათიას კონტეს სათამაშო სტილი ვერ იმსახურებდა.

სარის ჩელსი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, საშუალოდ 2.25 გოლი გააქვს თამაშში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მანჩესტერ სიტის ჩამორჩება. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩელსის ბურთის ფლობის მაჩვენებელი და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩელსიმ პასიური სატრანსფერო კამპანია ჩაატარა და მეკარის გარდა ერთადერთი მნიშვნელოვან შენაძენი გააკეთა - ნაპოლიდან ჟორჟინიო დაიმატა.

რა არის Sarriball?

მაურიციო სარის ფეხბურთი ბურთის ფლობაზეა დაფუძნებული. სარის უყვარს, როდესაც მისი გუნდები მოკლე პასებით თამაშობენ და დიდ ხანს იჭერენ ბურთს. სეზონის დასაწყისშივე ჩელსის ბურთს ფლობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

გასულ ორ სეზონთან შედარებით ჩელსი ბევრად უფრო მეტს ფლობს ბურთს, უფრო ზუსტია გადაცემების დროს და უფრო ხშირად თამაშობს მოკლე პასში. შედარებისთვის მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში საშუალოდ 63.7 პროცენტი ფლობს ბურთს, მაშინ, როცა გვარდიოლა უკვე მესამე წელია გუნდში მუშაობს და გუნდური მოძრაობა სიტის ბევრად უფრო სინქრონულად აქვს დალაგებული. გვარდიოლას სიტის პასების სიზუსტეც, ფაქტობრივად, ჩელსის იდენტური აქვს - 89.5%. (ჩელსის 89.2%-ის პირისპირ) და ეს იმის მიუხედავად, რომ სიტის ტექნიკურად ბევრად უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს.

სარის ფეხბურთი აქტიური და შეტევაზე ორიენტირებულია. მისი გუნდები არამხოლოდ ბევრს ფლობენ ბურთს, არამედ ფლობენ მას სახიფათო ზონებში - ჩელსის ბურთის ფლობის 77 % ან მოედნის ცენტრში აქვს, ან მოწინააღმდეგის მესამედზე - მეტოქის კარის უშუალო სიახლოვეს. მოედნის საკუთარ მესამედზე კი ჩელსი დროის მხოლოდ 23 პროცენტს ატარებს.

მაგალითისთვის, მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშიც გამოდგება, ჩელსი კარგად იჭერდა ბურთს და მოურინიოს გუნდს მატჩის დიდი ნაწილის უბურთოდ გატარება მოუწია.

როგორ ახერხებს ამას სარი?

პირველ რიგში მის ფეხბურთელებს აქვთ მითითება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ სტატისტიკურად უფრო დაბალპროცენტიან გრძელ გადაცემებს. ამ სეზონში ჩელსის პასების 91 % მოკლე გადაცემებზე მოდის. სარიმ პირველ რიგში შეცვალა მეკარე, რადგან მისი გუნდები თავისი კარიდან შეტევას ყოველთვის მეკარის მოკლე პასით იწყებენ და რთულ სიტუაციებშიც ბურთს სწორედ მეკარე უბრუნებენ. შესაბამისად, სარის გუნდს აუცილებლად სჭირდება მეკარე, რომელიც ფეხით მოედნის მოთამაშესავით თამაშობს. სწორედ ამიტომ ჩელსი იოლად შეელია კურტუას, რომელიც არცთუ ისე კარგად თამაშობს ფეხით და მის ნაცვლად ახალგაზრდა ესპანელი კეპა არიბასალაგა შეიძინა. სარის ფეხით კარგად თამაშის უნარის გამო ძალიან უყვარს ესპანელი მეკარეები და ნაპოლიშიც სწორედ ამ თვისებების გამო ჰყავდა პეპე რეინა.

სარიმ შეცვალა ცენტრალური მცველების წყვილიც. მის ხელში, მაგალითად, გარი კეჰილი, ვერასოდეს ითამაშებს. სარის სჭირდება მცველები, რომლებიც კარგად იწყებენ შეტევას და შეუძლიათ ღია სივრცეში თამაში და ამ სივრცის კონტროლი. რადგან მისი გუნდები თამაშის დიდ ნაწილს შეტევაში ატარებენ, ჩელსის საკუთარ ნახევარზე დიდი სივრცეები რჩება. სწორედ ამიტომ სარი ფიზიკურად ძლიერ მცველებს ენდობა, რომელთაც სისწრაფისა და მობილურობის ხარჯზე დიდი სივრცის კონტროლი შეუძლიათ. კონტე პირიქით უფრო მჭიდრო დაცვას ანიჭებდა უპირატესობას, მისი მცველები კართან ახლოს იდგნენ და ნაკლები სივრცის დაცვა უწევდათ. კონტეს მცველებს სინქრონულად თამაში ევალებათ. სწორედ ამიტომ არ სწყალობდა იგი დავიდ ლუისს. კონტე მას კონცენტრაციისა და სათამაშო დისციპლინის ხარისხს უწუნებდა.

სარი ლუისი-რუდიგერის წყვილით თამაშობს. ორივე მათგანი მცველის კვალობაზე ტექნიკურია, ორივეს ეხერხება დრიბლინგი და არ ეშინია მეტოქის პრესინგის დროს ბურთის დრიბლინგით მოწინააღმდეგის ნახევარზე გადატანა ანუ ის რასაც ნაპოლიში კულიბალი აკეთებდა. როდესაც ჩელსის ნახევარმცველები პრესინგის ქვეშ ხვდებიან შეტევას სწორედ რომელიმე ცენტრალური მცველი იწყებს.

ორივე მათგანი ფიზიკური ძალის წყალობით კარგად იცავს თავს დიდ სივრცეში. ლუისი-რუდიგერის წყვილთან ერთად ჩელსის კონტრშეტევების აღარ ეშინია, მაშინ როდესაც კეჰილის ან კრისტიანესის ტიპის მცველი, სტატიკური და კომპაქტურ დაცვაზე ორიენტირებული, სარის ტაქტიკაში ვერასოდეს ითამაშებდა.

ცვლილებები თავდასხმასაც შეეხო. თუკი ანტონიო კონტეს დიდი და ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელები მოსწონს, სარი თავდასხმაში უფრო მოძრავ და ტექნიკურ მოთამაშეებს ანიჭებს უპირატესობას. კონტეს უყვარს, როდესაც  მეტოქის პრესინგის დროს მისი მცველები გრძელი გადაცემით თავდამსხმელს აწოდებენ ბურთს. სწორედ ამისთვის სჭირდებოდა დიეგო კოშტა ან ოლივიე ჟირუ. სარი კი უფრო მოძრავ და ტექნიკურ ალვარო მორატას ენდობა, რომელიც ბურთის გათამაშების დროს მოედნის ცენტრამდე უნდა ჩამოვიდეს. ცენტრში დამატებითი მოთამაშე ეხმარება თანაგუნდელებს ბურთის დაჭერაში და ქმნის რიცხვობრივ უპირატესობას.

ჩელსის შემადგენლობაში მთავარი ცვლილება ჟორჟინიოს გამოჩენა იყო. სარიმ ჩელსიში მუშაობის დაწყების წინ ერთადერთი სწორედ ჟორჟინიოს ტრანსფერი მოითხოვა და ლონდონელებმა იგი ბოლო მომენტში წაართვეს მანჩესტერ სიტის. გვარდიოლა ჟორჟინიოს დიდი ხნის თაყვანისმცემელია.

სარის თამაშს სწორედ ჟორჟინიო ქმნის. იგი, ფაქტობრივად, უშეცდომოდ თამაშობს პასში, კარგად ანაწილებს ბურთს და აკონტროლებს თამაშის ტემპს.

ჟორჟინიოს გამო სარიმ უარი თქვა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენზე - ნგოლო კანტეზე. კანტე ძალიან კარგი ჩამშლელია, თუმცა სარის სტილს ვერ ერგებოდა. სარიმ კანტე უფრო წინ აწია, საყრდენის პოზიცია და შეტევის დაწყება კი ჟორჟინიოს მიანდო.

საინტერესოა, რომ ჟორჟინიოს მიერ, თამაშში საშუალოდ 96.7 გაკეთებული პასიდან მხოლოდ, 2.5 არის გრძელი გადაცემა.

სარის უყვარს, როდესაც ჟორჟინიო და ცენტრალური მცველები მეტოქეს პრესინგს აიძულებენ და მოედნის ცენტრში იტყუებენ, შემდეგ ზუსტი გადაცემით ბურთი შემტევებამდე მიაქვთ და შემტევები უკვე გათავისუფლებულ სივრცეებს უტევენ. სწორედ ეს არის მისი ძირითადი განსხვავება, მაგალითად, გვარდიოლას ტაქტიკასთან. თუკი გვარდიოლას გუნდები ცდილობენ მეტოქე თავისი საჯარიმოს სიახლოვედან არ გამოუშვან, სარის უყვარს, მეტოქე აიძულოს პრესინგი, ამოწიოს ზემოთ, შემდეგ პასში კარგად მოთამაშე მცველებისა და საყრდენის ხარჯზე ბურთი სწრაფად გადაიტანოს სახიფათო ზონებში და გამოიყენოს სივრცე.

ნგოლო კანტეს და რეალიდან ახლადშეძენილ მატია კოვაჩიჩს კი სარი პრესინგისთვის იყენებს. სარის გუნდები მაღლა და აქტიურად აპრესინგებენ. ამისთვის სარის თამაშის შემქმნელი ნახევარმცველის გვერდზე (ჟორჟინიო) ორი აქტიური და დინამიური მოთამაშე სჭირდება. კანტე ძალიან კარგად მოძრაობს უბურთოდ და სასარგებლოა პრესინგის დროს. სარიმ კანტეს პოზიცია, ფაქტობრივად, ახლიდან მოიგონა.

შემადგენლობა

მიუხედავად იმისა, რომ ჩელსის ბევრი მოთამაშეები არ უყიდია, მისი შემადგენლობა მაინც საგრძნობლად შეიცვალა. შეიცვალა ტაქტიკური სქემაც. სარი, ყოველთვის, ყველა გუნდში 4-3-3 სქემით თამაშობს და არასოდეს ცვლის თავის განლაგებას. მისგან განსხვავებით კონტე 3 მცველით თამაშობდა და ხშირად ცვლიდა, როგორც ტაქტიკას, ასევე მოთამაშეებს. სარის ფეხბურთის სათამაშოდ გუნდს მოძრაობები ავტომატიზმამდე უნდა ჰქონდეს დაყვანილი - პრესინგსაც და ბურთის ჭერასაც სინქრონული გუნდური მოძრაობა სჭირდება. სწორედ ამიტომ სარი მუდამ ერთი ტაქტიკით თამაშობს და ძალიან იშვიათად ცვლის ძირითად თერთმეტეულს. მოთამაშეები ზონების მიხედვით მოძრაობენ და თითოეულმა იცის, თუ რა ზონაში უნდა იყოს ბურთის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ სტილით თამაში კი გუნდური მოძრაობების ავტომატიზმამდე მიყვანას გულისხმობს. სწორედ ამიტომ ჩელსის ტაქტიკა და შემადგენლობა თამაშის წინ ადვილი გამოსაცნობია.

მაგიური 33

იტალიაში მწვრთნელის ლიცენზიის მისაღებად დისერტაციის ტიპის კვლევითი ნაშრომის დაწერაა საჭირო. სარიმ თავისი ნაშრომი სტანდარტების გამოყენებაზე დაწერა. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით მას სტანდარტების 33 განსხვავებული გათამაშება აქვს.

ჩელსიმ უკვე 4 გოლი შეაგდო სტანდარტებიდან

იტალიური ხასიათი და ადაპტაცია

სარი ტიპიური იტალიელია და ბევრი შიშობდა, რომ იგი იტალიის მიღმა მუშაობას ვერ შეძლებდა.  ჩელსი მისი პირველი არაიტალიური კლუბია. გარდა ამისა, იგი იტალიის მიღმა ცხოვრების წესს რთულად ეგუება და ჯიუტია.

მაგალითისთვის, სარი დღეში 4 კოლოფ სიგარეტს ეწევა და ამას, აკრძალვის მიუხედავად, სტადიონზეც აკეთებდა. იტალიაში იგი სტადიონზე დემონტრაციულად ეწეოდა და შემდეგ უბრალოდ ჯარიმებს იხდიდა. ინგლისში წესების ასეთ დემონსტრაციულად დარღვევას რთულად ეგუებიან. სარიმაც სტადიონზე მოწევაზე უარი თქვა.

მეორე მისი საყვარელი ჩვევა ყავის სმაა. დღეში იგი რამდენიმე ათეულ ჭიქა ყავას სვამს. ნეაპოლში სარის სპეციალური დამხმარე ჰყავდა, რომელსაც მისთვის ყავა ვარჯიშის დროსაც მოჰქონდა. სარი ვარჯიშის დროს coffee-break-ებს აკეთებდა და იუვეში გადასულ გონსალო იგუაინს ძალიან გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ იუვეში ყავის სმის გამო ვარჯიშზე პაუზებს არ აკეთებდნენ. საქმე იქამდე კი მივიდა, რომ ნაპოლის ძირითადი სპონსორი, ყავის მწარმოებელი კომპანია „ლეტე“ სარის ვარჯიშებზე ყოველ წელს რამდენიმე ათეული კილო ყავით ამარაგებდა.

სარი ძალიან პრეტენზიულია კვების საკითხებშიც. მისი მოთხოვნით, ჩელსის პროდუქტები იტალიიდან სპეციალურად მისთვის ჩამოაქვს. მაგალითად, ძროხის ხორცი აუცილებლად კამპანიის ერთ-ერთი რეგიონიდან უნდა იყოს და ა.შ. ინგლისში ადაპტაციის პრობლემა მეორე იტალიელს, ანტონიო კონტესაც ჰქონდა და მისივე თქმით, ლონდონში ცხოვრება არ მოსწონდა. ამ თავისებურებების მიუხედავად სარი აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურულ გარემოს კარგად ეგუება.

ვარსკვლავებთან ურთიერთობა

სარის მძიმე და დამღლელი ვარჯიშები აქვს, თუმცა ამის მიუხედავად ფეხბურთელებს იგი ძალიან უყვართ. გონსალო იგუაინმა სწორედ მის ხელში ითამაშა კარიერის საუკეთესო სეზონი, როდესაც მან ერთ სეზონში 38 გოლი შეაგდო. კონტეს მკაცრი და დაცვითი ტაქტიკის გამო გუნდიდან წასვლა სურდათ ედენ აზარს და ვილიანს.

სარისთან საუბრის შემდეგ ორივე მათგანმა გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო (და ეს მიუხედავად რეალის ინტერესისა) და სარის ხელში ძალიან კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ.

კარგი სტარტის მიუხედავად ჩელსის პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლა უნდა გაუჭირდეს. მის კონკურენტებს, მაჩესტერ სიტის და ლივერპულს, ბევრად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და მეტი გამოცდილებაც აქვთ. თუმცა, სარი ყველა პროგნოზით ამ სეზონშივე დააბრუნებს ჩელსის ჩემპიონთა ლიგაში, ისე, რომ ლონდონელთა თამაშით გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩება. სეზონის სტარტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, სარის ფეხბურთი პრემიერლიგას კარგად მოერგო. წლევანდელი სეზონი მხოლოდ დასაწყისია - ლონდონში მაურიციო სარის ეპოქა იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები