Thumbnail
  • FA პრემიერლიგაში ლეგიონერების რაოდენობის შემცირებას აპირებს
  • კლუბების უმეტესობას იდეა არ მოსწონს, მაგრამ ვერც ეწინააღმდეგება
  • სიტი, ტოტენჰემი, ჩელსი და ლივერპული ახალ წესს ვერ დააკმაყოფილებდნენ 

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) პრემიერლიგის გუნდების სასეზონო განაცხადებში ლეგიონერთა დასაშვები რაოდენობის შემცირებას აპირებს. ინგლისური მედიის ცნობით, საუბარია გუნდში უცხოელი მოთამაშეების რაოდენობის ზღვარის 17-იდან 13-მდე დაწევაზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება იმის მიუხედავად, გამოვა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან.

მანამდე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, ასევე პრემიერლიგასა და ფეხბურთის ლიგას, რომელიც დაბალ დივიზიონებს წარმოადგენს, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება მოსთხოვა ლეგიონერის აყვანის წესთან დაკავშირებით, რომელიც უცხოელთა დასაქმებისთვის ქვეყანაში მიღებულ საერთო მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება.

მანამდე დაიწერა, რომ პრემიერლიგის კლუბების უმეტესობა ლეგიონერებზე ლიმიტის შემოღების იდეას მხარს არ უჭერს, თუმცა ვერც ბოლომდე ეწინააღმდეგება მას, რადგან შესაძლოა, FA-სგან გამკაცრებული მოთხოვნები ევროკავშირის ქვეყნებიდან უცხოელების მიწვევაზეც მიიღოს.

ამჟამად ინგლისში ევროკავშირელ ლეგიონერზე გამარტივებული წესები მოქმედებს, არაევროკავშირელ ფეხბურთელს კი სამუშაოს უფლების მისაღებად, ეროვნულ ნაკრებში გარკვეული რაოდენობის მატჩი უნდა ჰქონდეს ჩატარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კლუბმა უნდა დაასაბუთოს კონკრეტული ფეხბურთელის დამატების აუცილებლობა.

ამჟამად პრემიერლიგის კლუბებიდან ყველაზე მეტი ლეგიონერი ტოტენჰემსა და მანჩესტერ სიტის ჰყავთ - 17-17 მოთამაშე. ერთით ნაკლები ლეგიონერია ლივერპულისა და ჩელსის სასეზონო განაცხადებში.

დღევანდელი მოცემულობით, პრემიერლიგის 20-იდან 17 კლუბი ლეგიონერებზე ლიმიტის ახალ წესს ვერ დააკმაყოფილებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები