Thumbnail

ბანი 2021 წლამდე - ბარსელონას ლივერპულის ფეხბურთელის ყიდვა აკრძალული აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ლივერპულის სამი ვარსკვლავი გადაიბირა
  • მერსისაიდელებმა გამოსავალი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის შემდეგ იპოვნეს 
  • ინგლისური კლუბი თავისი ფეხბურთელების შენარჩუნებას აკრძალვით ცდილობს

ლივერპულმა, მას შემდეგ, რაც ფილიპე კოუტინიო ბარსელონას დაუთმო, კატალონიურ კლუბთან საიდუმლო შეთანხმება დადო. როგორც Cadena Ser-ზე დაყრდნობით, AS იუწყება, მოლაპარაკების თანახმად, ბარსელონას სამი წლის განმავლობაში აკრძალული აქვს მერსისაიდელთა რომელიმე ფეხბურთელის შეძენა.

ცნობილია, რომ კატალონიური კლუბი კოუტინიოს გადაბირებას ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში ცდილობდა. მაშინ ლივერპულმა 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ წელს, იანვარში, ტრანსფერი მაინც განხორციელდა - ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელი 160 მილიონ ევროდ დათმო. 

თანხასთან ერთად, ლივერპულმა ასევე მიიღო იმის გარანტია, რომ ბარსელონა მისგან სხვა ფეხბურთელების შეძენას აღარ შეეცდება. როგორც ირკვევა, შეთანხმება დოკუმენტურადაა გაფორმებული და მისი მეშვეობით, ლივერპული თავისი ფეხბურთელების ბარსასგან "დაცვას" 2021 წლამდე მოახერხებს.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ბარსელონამ ლივერპულის სამი ფეხბურთელი გადაიბირა:  2010 წელს - ხავიერ მასკერანო, 2014-ში - ლუის სუარესი, 2018-ში კი - კოუტინიო.

ბრაზილიელი ნახევარმცველი ლივერპულის ღირსებას 2013-18 წლებში იცავდა. მანამდე ის მილანის ინტერში, ვასკო და გამასა და ესპანიოლში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები