Thumbnail
  • ტრავმირებული ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების მუდმივი პრობლემაა
  • ერთა ლიგის მატჩებში ვაისის გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი აშორებს: ნახევარფინალი და ფინალი. უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალურ შეხვედრას საქართველოს ნაკრებში თბილისში ბელარუსთან გამართავს, ფინალის მეორე საგზურს კი სკოპიეში მაკედონია და კოსოვო გაითამაშებენ.

გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში კარგი შედეგი აჩვენა, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და არაერთი ეფექტური გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი მით უფრო დასაფასებელია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში, ვლადიმირ ვაისს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. მიზეზები ტრადიციული და ბანალურია: ტრავმა.

გადავხედოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ერთა ლიგის შეხვედრებში ან საერთოდ არ უთამაშიათ, ან ძალიან მცირე დრო გაატარეს მინდორზე. რაც მთავარია, მათი იმედი მომდევნო შეხვედრებში უნდა გვქონდეს, წინ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებია: ჯერ ევროპის ჩემპიონატის ტრადიციული შესარჩევი ციკლი, ხოლო შემდეგ - პლეი ოფი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

მაშ ასე, ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაში დიდად ვერ დაეხმარნენ, თუმცა მომავალში ვლადიმირ ვაისს მათი იმედი ექნება...

თორნიკე ოქრიაშვილი

გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთდ, ამ ნაკრების ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ შესაძლებლობების 20%-იც ვერ გამოავლინა. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოქრიაშვილმა ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სულ 95 წუთი ითამაშა, რაც ერთი სრული მატჩის ტოლფასია. იმედი დავიტოვოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ოქრიაშვილი დაძლევს პრობლემებს, არც ტრავმები შეაწუხებს და დაეხმარება ეროვნულ გუნდს, როგორც ტრადიციულ შესარჩევ ეტაპზე, ისე ერთა ლიგის პლეი ოფში. იქამდე, თორნიკემ კრასნოდარის ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიმკვიდროს ადგილი. 

ოქრიაშვილმა ცოტა ითამაშა, თუმცა ლატვიასთან გამარჯვების გოლი გაიტანა

ლევან მჭედლიძე

ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს ცენტრფორვარდის პოზიციაზე უჭირს. ვლადიმირ ვაისი ეროვნული ლიგის ფორვარდებს არ ენდობა, ლევან მჭედლიძეს და გიორგი ქვილითაიას კი ტრავმები აწუხებთ. სანწუხაოდ, მჭედლიძე ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელია, რის გამოც ძალიან ბევრი უცდება და შესაბამისად, ვერც ეროვნულ ნაკრებს ეხმარება. მჭედლიძემ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამოტოვა, მის არყოფნაში კი ვაისი ნიკა კაჭარავაზე აკეთებდა აქცენტს. ამ შემთხვევაშიც უნდა ვიმედოვნოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მჭედლიძე დაეხმარება საქართველოს ეროვნულ გუნდს. 

ლევან მჭედლიძეს ერთა ლიგაში არ უთამაშია

გიორგი ქვილითაია 

ერთა ლიგის დაწყებამდე, გიორგი ქვილითაია შესანიშნავ ფორმაში იყო. ჯერ ვენის რაპიდში გაქონდა გოლები, შემდეგ კი ბელგიურ გენტში გადავიდა და პირველ ორ შეხვედრაში იქაც გამოიჩინა თავი. მჭედლიძის არყოფნაში, ქვილითაია ნაკრების მთავარ ფორვარდად მოიაზრებოდა, თუმცა ლატვიასთან თბილისური მატჩის წინ, ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციო გახდა. შესაბამისად, გიორგის დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, მისი გამოჯანმრთელება კი ვაისის გუნდის შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ლატვიასთან საშინაო მატჩის წინ, გიორგი ქვილითაიამ მძიმე ტრავმა მიიღო

გიორგი პაპუნაშვილი

საქართველოს ნაკრების პროგრესი 2018 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ვაისის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ჯერ ლიტვა დაამარცხა 4:0, ხოლო შემდეგ ლატვიას მოუგო 2:0. იმ შეხვედრებში შესანიშნავად წარმოჩინდა გიორგი პაპუნაშვილი და მისი სახით, ვაისის განკარგულებაში კიდევ ერთი კარგი გარემარბი იყო. თუმცა, ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრებს ვერც ესპანური სარაგოსას ფეხბურთელი დაეხმარა, მიზეზი კი ტრდიციულია: ტრავმა. ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი პაპუნაშვილი ვაისს მეტ არჩევანს მისცემს ფლანგებზე და ზოგადად, გუნდს ნამდვილად წაადგება.

გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) ალბასეტესთან შეხვედრაში მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

ჯანო ანანიძე

ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იყოს საქართველოს ნაკრების ლიდერი. თუ ანდორასთან თბილისური შეხვედრის 20 წუთს არ ჩავთვლით, ჯანო ანანიძეს ერთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ანანიძე რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, გასაგებია და ყველა სიკეთესთან ერთად, ის უნივერსალური თვისებებითაც გამოირჩევა და შეუძლია თამაში როგორც გარემარბად, ისე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. popsport-თან ინტერვიუში ჯანომ აღნიშნა კიდეც, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული მოედნის ცენტრში ჯაბა კანკავასთან ერთად თამაშია, სადაც ერთა ლიგის პაექრობებში ნიკა კვეკვესკირი მოქმედებდა. ჯანომ უმძიმესი ტრავმა მოიშუშა, თუმცა ჯერ ისევ სარეაბილიტაციო პროცესშია. იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა და გადამწყვეტ შეხვედრებში ისიც დაეხმარება ეროვნულ გუნდს.

ტრავმის გამო, ჯანო ანანიძე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა

გიორგი არაბიძე

ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძეც მოიაზრებოდა და იყო კიდეც გამოძახებული ყაზახეთსა და ლატვიასთან სათამაშოდ. თუმცა, გიორგის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია და მას შემდეგ, ეროვნულ გუნდში აღარც მიუწვევიათ. ამასთან, არაბიძე ჯერ ვლადიმირ ვაისმა გააკრიტიკა ვარჯიშებზე ინერტულობის გამო, ხოლო შემდეგ სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და დასძინა, რომ ის ფეხბურთელი, ვინც პატივს არ სცემს გუნდს, ნაკრებში ვერ მოხვდება. მოგვიანებით, არაბიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი გაარკვია მწვრთნელთან და მზადაა მაქსიმუმი გააკეთოს ეროვნულ გუნდში დასაბრუნებლად. იქამდე, გიორგი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, რომლის შემადგენლობაშიც ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ბრწყინვალედ წარმოჩინდა. U21 საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან 3:3 ითამაშა, ორი შესანიშნავი საგოლე პასი კი სწორედ არაბიძემ მიითვალა აქტივში, კვიპროსს კი 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გოლი გაუტანა. არაბიძის მოედნის ხედვა, ტექნიკა და პასის კულტურა ნამდვილად სჭირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

ერთა ლიგის დაწყებამდე გიორგი არაბიძე ეროვნულ ნაკრებს დროებით ჩამოაშორეს

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები