Thumbnail
  • Sport Bild-ის ინფორმაციით, ოლივერ კანი უკვე თანახმაა, ბაიერნში მუშაობა დაიწყოს
  • ლეგენდარული მეკარე თავიდან ერთ-ერთი ბოსი გახდება, მერე კი პრეზიდენტი

ცოტა ხნის წინ, ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ პოსტზე კიდევ 2-3 წელი დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ან 3 წელიწადში ბავარიულ გრანდს ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, რეკორდმაისტერის პრეზიდიუმისა და დირექტორთა საბჭოს ფავორიტი ბაიერნის ყოფილი მეკარე, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ოლივერ კანია. 

ჟურნალი Sport Bild წერს, რომ 2019 წლის ბოლოს კანი ბაიერნში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე დაინიშნება. ცნობილია, რომ ჰიონესი კანს ყოველთვის ბაიერნის მომავალ შეფად მიიჩნევდა - ულისა და ოლის ურთიერთობა არც მას მერე გაუწყვეტიათ, რაც ამ უკანასკნელმა კარიერა დაამთავრა. ჰიონესმა არაერთხელ სცადა, კანი კლუბში დაესაქმებინა და პრეზიდენტობას არა, მაგრამ სპორტულ დირექტორობას არაერთხელ სთავაზობდა, მაგრამ ყოფილი მეკარე ყოველთვის უარზე იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, 49 წლის კანმა აზრი შეიცვალა და თანახმა ბაიერნს უხელმძღვანელოს.

“ყველაფერს თავისი დრო აქვს!” - ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინ კანმა კითხვას, აპირებს თუ არა ბაიერნში მუშაობის დაწყებას, მერე კი Sport Bild-თან ინტერვიუში განმარტა, ეს იმიტომ ვთქვი, რომ უბრალოდ არასდროს არაფერია გამორიცხულიო. თუმცა ავტორიტეტული ჟურნალი წერს, რომ კანი უკვე თანახმაა, რეკორდმაისტერის ერთ-ერთი შეფი გახდეს, ოღონდ დროებით, სამომავლოდ კი მხოლოდ კლუბის პრეზიდენტობას განიხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები