Thumbnail

ადგა და წავიდა - უმცროსი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთში ისევ სკანდალშია

  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელის შვილმა სათადარიგოთა შორის ყოფნა ვერ აიტანა
  • სლოვაკეთის ეროვნული გუნდის 28 წლის ნახევარმცველი სკანდალში მეორედ გაეხვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის შვილი - ვლადო, მორიგ სკანდალში გაეხვა. სლოვაკეთის ნაკრების 28 ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად ყატარული ალ-გარაფას ღირსებას იცავს, ერთა ლიგაში ჩეხეთთან სანაკრებო მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ვერ აიტანა და მოედანი დემონსტრაციულად დატოვა.

სლოვაკური მედიის ცნობით, სათადარიგოთა შორის მყოფმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა, ჩეხეთი-სლოვაკეთის მატჩის 79-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მწვრთნელი მოედანზე აღარ შეუშვებდა, თამაშის დასრულებამდე აღარ მოიცადა და იქაურობას გაეცალა.

ვაისი იან კოზაკის მწვრთნელობის დროს ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა - ძირითადში თუ არა, მეორე ტაიმში შეცვლაზე მაინც. სლოვაკეთის ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში კი, უკრაინასა და ჩეხეთთან, გუნდის ახალმა მწვრთნელმა პაველ ჰაპალმა ის არ ათამაშა. როგორც ჩანს 28 წლის ფეხბურთელი ამან გაანაწყენა.

ვაისის საქციელი არც მის თანაგუნდელებს მოეწონათ, არც გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს. თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი პაველ ჰაპალს პირველ რიგში, სწორედ ვაისის საქციელზე ჰკითხეს. მწვრთნელმა ვითარების შემსუბუქება სცადა: 

"იმ დროს მოედნის კიდესთან ვიმყოფებოდი და არ დამინახავს, როგორ წავიდა. აუცილებლად დაველაპარაკები მას და გავარკვევ, რა მოხდა. გამომიწოდა თუ არა ხელი თამაშის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვლადო არ მოხვდა ამ ორი მატჩის შემადგენლობაში, არ ნიშნავს, რომ შანსს არც მომავალში მიიღებს".

თავად ნახევარმცველს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

28 წლის ფეხბურთელი სლოვაკური მედიის ყურადღების ცენტრში არცთუ იშვიათად ხვდება

ვლადიმირ ვაისი ნაკრებთან დაკავშირებულ სკანდალში წინა თვეშიც გაეხვა. ჩეხეთთან წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ, ის ეროვნული გუნდის კიდევ ექვს წევრთან ერთად, ღამის კლუბში გაერთო. მაშინ ნაკრების მწვრთნელმა იან კოზაკმა თანამდებობა თავად დატოვა, ფეხბურთელები კი სლოვაკეთის ფეხბურთის კავშირმა დააჯარიმა.

უმცროსი ვლადიმირ ვაისი ყატარში გადაბარგებამდე მანჩესტერ სიტიში, ბოლტონში, რეინჯერსში, ესპანიოლში, პესკარასა და ოლიმპიაკოსში გამოდიოდა. სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 66 მატჩში 7 გოლია. 

სლოვაკეთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ჩეხეთთან ანგარიშით 0:1 წააგო და C ლიგაში დაქვეითდა. ჯგუფი უკრაინამ მოიგო, ჩეხეთი კი მეორეზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები