Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩშს 24 ნოემბერს, ტონგასთან გამართავს
  • ჰეიგმა ნაკრებში მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი თხილაიშვილი დააბრუნა 
  • ბექა საღინაძეს ეროვნული გუნდის მაისურით ჯერ არ უთამაშია 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-სერიის ბოლო მატჩისთვის მზადება დაიწყო. "ბორჯღალოსნები" 24 ნოემბერს ტონგას უმასპინძლებენ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთები ონლაინ, ასევე სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-იდან 19:00 სთ-მდე იყიდება

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, მილტონ ჰეიგმა მომავალი მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ახალი მოთამაშე შეიყვანა. თუ მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი თხილაიშვილი გამოცდილი "ბორჯღალოსანები" არიან, ბექა საღინაძე დებიუტანტია.

მეკოს ბორჯღალოსნების შემადენლობაში 114 მატჩი აქვს ჩატარებული

ტრავმა მოიშუშა და მომავალი თამაშისთვის ემზადება ყველაზე მეტი კეპის მფლობელი, პირველი ქართველი ცენტურიონი და საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი. 35 წლის მორაგბე ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, მონაწილეობდა ოთხივე მსოფლიო თასზე და “ბორჯღალოსანთა” კვართი 114-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე 833 (16 ლელო, 147 გარდასახვა, 150 ჯარიმა და 3 არეკნი) ქულაა. მეკოს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშია და მეტოქე 3-ჯერ ჰყავს დამარცხებული. მან კუნძულელებთან ჯამში 27 ქულა მიითვალა.

ტრავმა მოიშუშა და ნაკრებთან ერთადაა 27 წლის მესამეხაზელი გიორგი (კოკი) თხილაიშვილიც, რომელმაც ტონგას 2015 წლის მსოფლიო თასზე ისტორიული გამარჯვებისას ლელო გაუტანა. მას ამ მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია და მსოფლიო თასის გარდა, 2016 წელს, წყნარი ოკეანის ტურნეზეც დაამარცხა, წელს კი ოკეანეთში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა. კოკის ანგარიშზე ჯამში 45 კეპი და 10 ლელოა.

ლელო-სარასენსის აღზრდილი ბექა საღინაძე მეორე და მესამე ხაზის მოთამაშეა. ის "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე ადრეც ყოფილა, მაგრამ ეროვნული ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშია. სამაგიეროდ ითამაშა ზედიზედ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ორ ჩემპიონატში და გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა. ზაფხულში ის პრო D2-ის ორიაკმა წაიყვანა, სადაც ესპუარებში თამაშობს.

საქართველოს ნაკრებმა შაბათს სამოას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო

"ბორჯღალოსნებს" ტონგას ნაკრების წინააღმდეგ აქამდე ექვსჯერ უთამაშიათ და დადებითი ბალანსი აქვთ - 4 მოგება და 2 მარცხი. აღანიშნავია, რომ ბოლო სამი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ბოლო დაპირისპირება კი გასულ ზაფხულს, სუვაში, "წყნარი ოკეანის თასზე" გაიმართა და ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა - 16:15.

ნოემბრის ტესტ-სერიაში საქართველოს ნაკრებმა ერთი კვირის წინ თბილისში, დაძაბულ ბრძოლაში სამოა დაამარცხა - 27:19, მანამდე კი ფლორენციაში იტალიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა - 17:28.

ამჟამად ტონგა 73,84 ქულით მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, საქართველო კი 72,60 ქულით მე-15 პოზიციაზეს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები