Thumbnail
  • სავარაუდო მეტოქეები ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის
  • წილისყრის საკმაოდ უცნაური დეტალები

2 დეკემბერს  დუბლინის Convention Centre ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართება. ევროპის 55 ნაკრებს შორის წილისყრაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, რომელმაც ერთა ლიგაზე კარგი თამაშით მე-4 კალათში (ერთადერთმა D ლიგიდან) დაიბევა ადგილი. 

კლასიკური შესარჩევი ციკლი 2019 წლის 21 მარტს დაიწყება და იმავე წლის 19 ნოემბერს დასრულდება. 10 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელთაც ის 4 ნაკრები დაემატება, ვინც საგზურს ერთა ლიგის პლეი ოფის წყალობით მოიპოვებს. ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოც არის გასული, ტურნირი კი 2020 წლის მარტში გაიმართება. 

მანამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი შეეცდება ევროპის ჩემპიონატის საგზური კლასიკური გზით მოიპოვოს და თუ ამას ვერ შეძლებს, 2020 წლის მარტში პლეი ოფის ნახევარფინალისა (შინ) და ფინალის მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. თუ საქართველოს ნაკრები (ან რომელიმე სხვა) კლასიკური გზით მოიპოვებს საგზურს, პლეი ოფში ადგილს სხვას (რეიტინგით შემდეგს) დაუთმობს ადგილს. 

10 ჯგუფიდან 5 6-გუნდიანია, ხოლო 5 5-გუნდიანი, რადგან ბოლო მე-6 კალათში მხოლოდ ხუთი ნაკრებია. 

მართალია, ერთა ლიგა ჯერ არ დასრულებულა, ამ საღამოს ბოლო თამაშებია, მაგრამ კალათებში გუნდები თითქმის განაწილდნენ.

მე-4 კალათში საქართველოს ნაკრებთან ერთად 9 ნაკრები იქნება, რომლებიც ჩვენ ვერ დაგვიპირისპირდებიან. ამათგან 7-ის ვინაობა ცნობილია: ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლიტვა, მონტენეგრო და სლოვენია ნამდვილად არ დაგვიპირისპირდება. 
გაგაცნობთ კალათებს, რომელთა საბოლოო სია ამაღამ იქნება ცნობილი

პირველი კალათა

ინგლისი, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი

მეორე კალათა

ავსტრია, ბოსნია, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, უელსი, გერმანია

მესამე კალათა

ფინეთი, ჩრ. ირლანდია, ნორვეგია, ირლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი

მესამე ან მეოთხე კალათა

ბულგარეთი, უნგრეთი, ისრაელი, რუმინეთი, შოტლანდია

მეოთხე კალათა

ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლიტვა, მონტენეგრო, სლოვენია

მეხუთე კალათა

სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გიბრალტარი, ყაზახეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, მაკედონია, მოლდოვა, ფარერები (ან მალტა)

მეექვსე კალათა

ანდორა, ლატვია, ლიხტენშტაინი, სან მარინო, ფარერები (ან მალტა)

წილისყრის უცნაური დეტალები

► იმის გამო, რომ ევრო 2020-ს 12 ქვეყანა მასპინძლობს. ყველამ უნდა გაიაროს საკვალიფიკაციო ტურნირი.

► იმისთვის, რომ ყველა მასპინძელს ჰქონდეს შანსი გასვლის, ერთ ჯგუფში არ შეიძლება 2-ზე მეტი მასპინძელი ქვეყნის მოხვედრა. ესენია: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ჰოლანდია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი

► ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, გიბრალტარი და ესპანეთი, კოსოვო და ბოსნია, კოსოვო და სერბეთი, უკრაინა და რუსეთი.

►ასევე არ შეიძლება ერთ ჯგუფში 2-ზე მეტი გუნდი იყოს ეგრეთ წოდებული ცივი ქვეყნებიდან: ბელარუსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, რუსეთი და უკრაინა

► ასევე მხოლოდ ერთი წყვილი შეიძლება მოხვდეს ყველაზე დაშორებული ქვეყნებისთვის. მაგალითად, აზერბაიჯანს ჯგუფში ერთბაშად გიბრალტარი, ისლანდია და პორტუგალია ვერ ეყოლება. მხოლოდ ერთი. ეს წესი ყველაზე მეტად ეხება ყაზახეთს, რომლისთვისაც ევროპის 14 ქვეყანაა ყველაზე დაშორებული. 

► ეს წესი ჩვენც შეგვეხო - ისლანდია არ შეიძლება ერთდროულად საქართველოსთან, სომხეთთან, კვიპროსთან და ისრაელთან მოხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები