Thumbnail
  • მილანის წარმომადგენლებმა და ფორვარდის აგენტმა 4 საათი ითათბირეს
  • 37 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანახმაა, მილანში 6 თვით დაბრუნდეს
  • ლოს ანჯელეს გალაქსის შვედი ფეხბურთელის გაშვება ძალიან არ უნდა 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად MLS-ის ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას იცავს, სულ უფრო ახლოსაა ევროპაში დაბრუნებასთან. როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, 37 წლის შვედი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა მილანს თითქმის შეუთანხმდა.
 
იბრას არაერთხელ უთქვამს, რომ უამრავი წინადადება აქვს სხვადასხვა კლუბებიდან, მაგრამ ევროპაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუკი "როსონერის" მაისურს მოირგებს. იტალიური მედია იუწყება, რომ რაიოლასა და მილანის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა და მთავარი თემა ზლატანის შესაძლო დაბრუნება იყო, რომელიც კლუბის ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა.

ზლატანის გალაქსი MLS-ის პლეი ოფში ვერ გავიდა

შვედ ფორვარდს ლოს ანჯელეს გალაქსისთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. მანამდე მედიაში დაიწერა, რომ მილანური კლუბი იბრას 6-თვიან ხელშეკრულებას, მისი წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით სთავაზობდა, ფეხბურთელს კი 18-თვიანი გარანტირებული კონტრაქტი სურდა. 

ბოლო ინფორმაციით, ზლატანი მზადაა, 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ იტალიური კლუბის წინადადებას დათანხმდეს. ახლა საბოლოო სიტყვა მილანზეა, რომელმაც პირველ რიგში, ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის უეფასგან შესაძლო სანქციების დაკისრების საკითხი უნდა გაარკვიოს.

თავის მხრივ, ლოს ანჯელეს გალაქსის ტექნიკური დირექტორი იოვან კიროვსკი აღნიშნავს, რომ ამერიკული კლუბი თავდამსხმელის შენარჩუნებაზე მუშაობს.

"იბრაჰიმოვიჩი ფანტასტიკური ფეხბურთელია როგორც ჩვენსთვის, ისე მთლიანი MLS-ისთვის. მასთან კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იწურება. გვინდა, ის გუნდში ბედნიერი იყოს და ვმუშაობთ იმაზე, რომ ლოს ანჯელეს გალაქსიში გააგრძელოს გამოსვლა", - აქვეყნებს კიროვსკის ნათქვამს Sky Sports Italia.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლოს ანჯელეს გალაქსიში მანჩესტერ იუნაიტედიდან წელს გადავიდა და MLS-ში 22 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი პლეი ოფში ვერ მოხვდა. 

სერია A-ში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ, ჯენარო გატუზოს გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები