Thumbnail

ტოჩინოშინი: როგორმე დარჩენილი 5 ბრძოლიდან 3 უნდა მოვიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კიუშუს ბაშოზე ტოჩინოშინს მხოლოდ 5-5 ბალანსი აქვს
  • არადამაკმაყოფილებელი ასპარეზობის მიზეზი ძველი ტრავმაა
ტოჩინოშინმა იჩინოჯო დოჰიოდან ასე გაიყვანა

წლის უკანასკნელი ბაშოს დასრულებამდე მხოლოდ მესამედი რჩება - დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) 5-5 ბალანსით ასპარეზობს.

ეს ის არ არის, რისი იმედიც გვქონდა ბაშომდე. მით უფრო, რომ ორი მთავარი ფავორიტი, ორი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და კაკურიუ თავიდანვე გამოეთიშა ტურნირს, მესამე იოკოძუნა კისენოსატო კი მალევე დაგვემშვიდობა. 

ლიდერობისთვის და იმპერატორის თასისთვის ბრძოლის ნაცვლად, ტოჩინოშინს ერთადერთი მიზანი აქვს, ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულოს, რადგან იანვარში ოძეკის ტიტული დასაცავი არ გაუხდეს (ზედიზედ ორი უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში სუმოისტი ოძეკის ტიტულს კარგავს).

ამისთვის მან დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან 3 მაინც უნდა მოიგოს. ქართველ გოლიათს დოჰიოზეც ეტყობა, რომ ვერ არის ფორმაში და ხანდახან სწორ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს. მას მთელი ძალისხმევა დასჭირდა ელიტის ყველაზე მძიმე რიკიშის, იჩინოჯოს დასამარცხებლად.

როგორც იაპონური მედია, მათ შორის sanspo.com, იუწყება ამის მიზეზი მარჯვენა ფეხის ის ტრავმაა, რომელმაც მას ნაგოიას ბაშოზე დიდი გეგმები ჩაუშალა. ტოჩინოშინი ფეხს ბოლომდე "ვერ გრძნობს" და ეს მის ჭიდაობას ეტყობა. 

თავად ქართველი სუმოისტიც აღიარებს, რომ ვერ არის ფორმაში: "მოხარული ვარ, რომ დღეს ერთი ორთაბრძოლა მოვიგე. სხვა გზა არაა, მთელი ძალისხმევით უნდა შევძლო დარჩენილი ხუთი ორთაბრძოლიდან სამის მოგება", განუცხადა მან nikkansports.com-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები