Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების წარმატებული წელი: 10 მატჩი, 8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება
  • ვლადიმირ ვაისის გუნდმა 19 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩი ყაზახეთთან გამართა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, 2:1. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და D დივიზიონის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში გამართავს. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე შესანიშნავად იასპარეზა და პირველი ამოცანა იდეალურად შეასრულა.

საქართველოს ნაკრებმა 2018 წელს ბოლო მატჩი გამართა და შეგვიძლია მთელი წელი შევაჯამოთ. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამ პერიოდში 10 მატჩი გამართა: 8 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამ 10 პაექრობაში ნაკრებმა 19 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა! ამასთან, საქართველოს ნაკრებმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და ეფექტური გოლები გაიტანა. გთავაზობთ, საქართველოს ნაკრების 5 საუკეთესო გოლს 2018 წელს ჩატარებული მატჩებიდან... 

5. ვაკო გვილია (ლატვია 0:3 საქართველო)

საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. როგორც ნამატჩევს ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, ეს იყო საქართველოს ეროვნული გუნდის საუკეთესო თამაში მისი თავკაცობით. გიორგი ჩაკვეტაძის ფინტი, ბრწყინვალე პასი და ვაკო გვილიას გოლი ამ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია.

4. გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო 2:1 ყაზახეთი)

სწორედ ყაზახეთთან საშინაო მატჩით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა 2018 წელი. ვლადიმირ ვაისის გუნდი მინიმალური სხვაობით იგებდა, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ ორ მეტოქეს აუარა გვერდი და ძლიერი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია ნიკა კაჭარავას ბრწყინვალე პასი, საიდანაც დაიწყო საგოლე იერიში. 

3. ჯაბა კანკავა (ლატვია 0:3 საქართველო)

კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ რიგაში გამართულ შეხვედრას. საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სამი უპასუხო გოლი გაუტანა, აქედან ყველაზე ეფექტური კი ალბათ მაინც ჯაბა კანკავას უძლიერესი დარტყმა იყო.

2. გიორგი ჩაკვეტაძე (ყაზახეთი 0:2 საქართველო) 

მატჩი, საიდანაც დაიწყო საქართველოს ნაკრების წარმატებული სერია ერთა ლიგაში. ვაისის გუნდს უჭირდა ყაზახეთში, თანაბარი თამაში იყო, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ გაიბრწყინა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ, ჩაკვეტაძე ყურადღების ცენტრში მოექცა, დღეს კი მას ევროპულ გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.    

1. ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო 2:0 ესტონეთი)

მარტში საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ჯერ ლიტვა დაამარცხა 4:0, ხოლო შემდეგ ესტონეთს მოუგო, 2:0. სწორედ ესტონეთთან შეხვედრაში გავიდა გოლი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ შედევრი, მისი ავტორი კი ვაკო ყაზაიშვილია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები